ადგილობრივი არჩევნები 2025

პაპუაშვილი: 2 ოპოზიციური პარტია არჩევნებში მონაწილეობს, ოცნება გამარჯვებისთვის ემზადება

არჩევნების უარყოფის პოლიტიკამ მანკიერი წრე წარმოშვა, რომელიც პარლამენტის საბოტაჟით დაიწყო და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარით გაგრძელდა. უფრო მეტიც, რადიკალები არჩევნების ჩაშლითაც კი დაიმუქრნენ. თუმცა, ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნის ტაქტიკამ არ გაამართლა. არჩევნების ჩაშლის გეგმა ჩაიშალა.

საბოტაჟის მიუხედავად, არჩევნები დროულად ტარდება. ოთხი ოპოზიციური პარტიიდან ორი, რომლებმაც 2024 წელს საარჩევნო ბარიერი გადალახეს, არჩევნებში მონაწილეობს, თუმცა რაიმე გამარჯვების მოპოვების შანსი არ აქვთ. ქართული ოცნება არჩევნებში აბსოლუტური გამარჯვებისთვის ემზდება. ამასობაში, ეს არჩევნები შეცდომების აღიარებისთვისაც შესაფერის მომენტს წარმოადგენს.

მათ, ვინც არჩევნების უარყოფის მანკიერი ციკლი დაიწყო, ახლა აქვთ შანსი, გამოასწორონ თავიანთი მცდარი პოზიცია, გამოიჩინონ სათანადო პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და სახალხო ლეგიტიმაციის მიმართ და დაუბრუნდნენ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ცივილიზებულ ფორმას.
ყველამ ფეხი უნდა აუბას ომებისა და საერთაშორისო დაპირისპირების დასრულების ეპოქის სულისკვეთებას.

საქართველოს 4 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია და კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც კეთილსინდისიერადაა განწყობილი საქართველოს მიმართ, დაასრულონ დაპირისპირებისა და არათანამშრომლობის მანკიერი წრე, რამეთუ "ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში... ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა".

წერს ივანიშვილის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები