ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ში გამოქვეყნებულ ღია წერილში, ცნობილი ფრანგი საზოგადო მოღვაწეები ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მიმართავენ, რომ "წინაპირობების გარეშე პალესტინის სახელმწიფოდ აღიარება არ შეიძლება":
"ბატონო რესპუბლიკის პრეზიდენტო,
ორშაბათს, 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში თქვენ ემზადებით, რომ საფრანგეთის სახელით პალესტინური სახელმწიფო აღიაროთ.
ჩვენ, ხელოვანები, ინტელექტუალები, ანტრეპრენერები, საზოგადოების ლიდერები და მოქალაქეები, მთელი ჩვენი ძალით მოვითხოვთ მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ თქვენვე დაუქვემდებარეთ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარება მკაფიო წინაპირობებს, რათა ამან ხელი შეუწყოს მშვიდობას: კერძოდ, ღაზაში ტყვეობაში დარჩენილი 48 მძევლის გათავისუფლებასა და ჰამასის დაშლას.
მაშინ, როცა საფრანგეთი, 1948 წლის შემდეგ, მშვიდობისთვის პირობების ჩამოყალიბებისა და ორმხრივი უსაფრთხოების მოლოდინში, წინდახედულად იკავებდა თავს პალესტინური სახელმწიფოს ნებისმიერი სახით აღიარებისგან, როგორ შეიძლება ამის გამართლება, როცა ჰოლოკოსტის შემდეგ ყველაზე საშინელი ანტისემიტური ხოცვა-ჟლეტით გამოწვეული ომი ჯერ კიდევ გრძელდება? როგორ შეიძლება ამის გამოცხადება, როდესაც ჰამასს ჯერ კიდევ ჰყავს მძევლები? რატომ ხდება ეს იმ დროს, როდესაც საფრანგეთში ანტისემიტიზმი ძლიერდება, კონკრეტულად, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების საბაბად გამოყენებით?
ბატონო პრეზიდენტო, პალესტინური სახელმწიფოს აღიარება ახლა, მძევლების გათავისუფლებამდე და ჰამასის დაშლამდე, ვერ დაეხმარება პალესტინელ მშვიდობიან მოქალაქეებს ან მძევლებს გათავისუფლებაში.
ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის თქვენ განზრახვა, თუმცა, ხვალინდელი აღიარება, თქვენ მიერვე განსაზღვრული პირობების შესრულებამდე, ჰამასისთვის სიმბოლურ გამარჯვებად ჩაითვლება, რომელიც მხოლოდ გააუარესებს იმ სისხლისმღვრელ კონტროლს, რომელიც ჰამასს აქვს პალესტინელების თავს მოხვეული.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენ აპირებთ საფრანგეთის მიერ პალესტინური სახელმწიფოს აღიარების გამოცხადებას. ჩვენ გულწრფელად გთხოვთ: ამ შემთხვევაში, დაადასტურეთ იმავე სიმტკიცით, რომ ეს აღიარება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც მძევლები გათავისუფლდებიან და ჰამასი დაიშლება.
მხოლოდ ამის ფასად არის შესაძლებელი, რომ ამ ჟესტმა ხელი შეუწყოს მშვიდობას. სხვაგვარად, ეს იქნება ტერორიზმის წინაშე მორალური კაპიტულაცია."
- წერია გამოცემა Le Figaro-ში გამოქვეყნებულ წერილში, რომელსაც 20 ფრანგი საზოგადო მოღვაწე აწერს ხელს. მათ შორის არიან გამოჩენილი მსახიობი და მომღერალი შარლოტ გენსბური, მსახიობი და რეჟისორი ივან ატალი, პოლიტიკური ფილოსოფოსი და ავტორი ბერნარ-ანრი ლევი და ფილოსოფოსი პასკალ ბრუკნერი.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთი აპირებს, პალესტინის სახელმწიფოებრიობა ფორმალურად 22 სექტემბერს გაეროში აღიაროს.
21 სექტემბერს პალესტინის სახელმწიფოებრიობა უკვე აღიარეს გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ. ამასთან, გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე იგივე ნაბიჯის გადადგმას, საფრანგეთის გარდა, კიდევ 5 ქვეყანა აპირებს.
თუმცა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი პალესტინაში ახალ საელჩოს მანამ არ გახსნის, სანამ ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლები არ გათავისუფლდებიან.
"[მძევლების გათავისუფლება] ჩვენთვის ძალიან მკაფიო მოთხოვნა იქნება, მაგალითად, პალესტინაში საელჩოს გახსნამდე." - განაცხადა მაკრონმა CBS-სთან ინტერვიუში.





