გაერთიანებული სამეფოს, ავსტრალიისა და კანადის მხრიდან პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების შემდეგ, ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მაღალჩინოსანმა ბოლო მოვლენებს "გამარჯვება" უწოდა.
ტერორისტული ორგანიზაციის მაღალჩინოსანი მიესალმა დასავლური ქვეყნების გადაწყვეტილებებს, რომლებმაც 21 სექტემბერს განაცხადეს, რომ პალესტინას სახელმწიფოდ ფორმალურად აღიარებდნენ.
ავსტრალიის, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის შემდეგ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილება პორტუგალიამაც მიიღო, ხოლო გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე იგივე ნაბიჯის გადადგმას კიდევ 6 ქვეყანა აპირებს.
"რამდენადაც შორს არ უნდა წავიდეს ოკუპაცია თავისი დანაშაულების კუთხით, ის ვერასდროს შეძლებს ჩვენი ეროვნული უფლებების წაშლას," განუცხადა მაჰმუდ მარდავიმ AFP-ს.
პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოში გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი ირწმუნებოდა, რომ ეს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ჯილდოს ჰამასისთვის.
"მოდით, გულწრფელები ვიყოთ. ჰამასი სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციაა. ჩვენი გულწრფელი მოწოდება ორი სახელმწიფოს პრინციპისკენ სრულად ეწინააღმდეგება სიძულვილით სავსე მათ [ჰამასის] ხედვას. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ ეს გამოსავალი არ არის ჯილდო ჰამასისთვის, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჰამას ვერ ექნება ვერანაირი მომავალი, ვერანაირი როლი მთავრობაში ან უსაფრთხოებაში." - თქვა სტარმერმა.
დასავლური ქვეყნების გადაწყვეტილების პასუხად, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აღნიშნული ქვეყნების ლიდერები "ტერორს აჯილდოებენ" და დაამატა, რომ პალესტინური სახელმწიფო "ვერ ჩამოყალიბდება".
"მკაფიო გზავნილი მაქვს იმ ლიდერებისთვის, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ - თქვენ ტერორს დიდად აჯილდოებთ," აცხადებს ნეთანიაჰუ გავრცელებულ ვიდეოში.
"მე კიდევ ერთი გზავნილი მაქვს თქვენთვის: ეს არ მოხდება, იორდანიის დასავლეთით პალესტინური სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდება." - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.
ამასთანავე, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისრაელი "კატეგორიულად" უარყოფს გაერთიანებული სამეფოსა და სხვა სახელმწიფოების მხრიდან პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას.
"[ეს] უფრო მეტ დესტაბილიზაციას იწვევს რეგიონში და სამომავლოდ პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრის შანსებს ძირს უთხრის." - წერს ისრაელის საგარეო სამინისტრო X-ზე.
ისრაელის თქმით, ეს "არა მხოლოდ აჯილდოებს ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების მიმართ ჩადენილ ყველაზე დიდ ხოცვა-ჟლეტას იმ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, რომელიც მოითხოვს და ცდილობს ისრაელის განადგურებას, არამედ კიდევ უფრო ამყარებს ჰამასისადმი მხარდაჭერას."
გაერთიანებული სამეფოს, კანადისა და ავსტრალიის მხრიდან პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის, რომელმაც თქვა, რომ ეს ნაბიჯი "ჰამას აჯილდოებს."
პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე რეპორტიორებთან ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით, შეიძლება ითქვას, რომ "ჰამასს აჯილდოებ და არ მგონია, რომ ისინი უნდა დაჯილდოვდნენ."
"მე ამ ბანაკს არ მივეკუთვნები. გაცნობებთ, სადაც ვდგავართ, მაგრამ ამ ბანაკში არ ვარ. თუ ამას გააკეთებ, რეალურად ჰამასს აჯილდოებ და მე ამას არ ვაპირებ." - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ამასთან, სტარმერის გადაწყვეტილება გააკრიტიკა აერთიანებული სამეფოს კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, კემი ბადენოკმაც, რომელმაც მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს "აბსოლუტურად დამღუპველი" უწოდა.
"დამღუპველი, აბსოლუტურად დამღუპველია. ყველანი ვინანებთ იმ დღეს, როცა ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ტერორიზმის დაჯილდოებაა ჰამასისთვის ყოველგვარი პირობების დაწესების გარეშე. ეს ღაზაში მძევლებს უმწეოდ ტოვებს და არაფერს აკეთებს ამ ომში მოყოლილი უდანაშაულო ადამიანების ტანჯვის შესაჩერებლად." - დაწერა ბადენოკმა X-ზე.





