ფინანსური დანაშაული

გიორგი კანდელაკს და კიდევ 6 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

ალკოჰოლური სასმელების კუსტარულად წარმოების ბრალდებით დაკავებულ ყოფილ მოკრივეს, გიორგი კანდელაკსა და კიდევ 6 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

კანდელაკი და კიდევ 6 პირი 17 სექტემბერს დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოიღეს უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში წლების განმავლობაში გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ქართული და უცხოური ბრენდული სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 75 137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ, არაყი ბელუგა, ბელვედერი, გრეიგუსი, ვისკი ბორკანი და ჩივას რეგალი.  

ჩხრეკისას ქარხანაში ასევე აღმოვაჩინეთ ხსენებული სასმელების წარმოებისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები, შესაფუთი მასალა, ხოლო ცისტერნებში დაახლოებით 24 ტონა ალკოჰოლური სითხე, რომლითაც ხდებოდა ფალსიფიცირებული სასმელების დამზადება. 

ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საწყობიდან დამატებით ამოვიღეთ 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი კარელია" - ნათქვამია საგამოძიებოს განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, ამოღებული უაქციზო სასმელების და სიგარეტების სარეალიზაციო ღირებულებამ, შესაძლოა, მილიონობით ლარი შეადგინოს. 

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

კომენტარები