ივანიშვილის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი "საინფორმაციო ხმაურის შექმნის" მიზნებით ხსნის, Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში "ქართული კოშმარის არაღიარების" შესწორების წინადადება შეიტანეს.
პაპუაშვილი წინადადებას "ერთდღიან საინფორმაციო ქარიშხალს უწოდებს".
"ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას. როგორიც საინფორმაციო ხმაურიც ჰქონდათ, თუ არ ვცდები, 2 წელი მაინცაა, რაც ე.წ. მეგობარი აქტი - მტრული აქტი ტრიალებს სხვადასხვა კაბინეტში. ბოლოს ვინაიდან საბოლოოდ გაირკვა, რომ მზის შუქს ვერ იხილავს ეს აქტი, რაღაც ახალი იდეა მოუვიდათ, როგორც ჩანს იმისთვის, რომ გამომუშავებული იქნას ის მილიონიანი კონტრაქტი. ასე რომ, ერთადერთი მიზანი აქვს, საინფორმაციო ხმაურის შექმნა. თან ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ, ვხედავთ კონგრესმენ უილსონს, იმ ჟურნალისტს აზერბაიჯანული გვარით კიევის მედიის თანამშრომელს, რომელიც ვაშინგტონში ცხოვრობს.
ეს ხმაურიც გადაივლის და მერე რას აპირებენ?! იგივე ბედი ეწევა ამ ყველაფერს, როგორც მანამდე ყველა ამგვარ მტრულ წამოწყებას" - ამბობს პაპუაშვილი.
რაუფოღლუს მიერ გამოქვეყნებული სურათის მიხედვით, შესწორების წინადადება კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა.
შესწორება აშშ-ს მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს ქართული ოცნების მთავრობის აღიარებას უკრძალავს.
რაუფოღლუს მიერ გამოქვეყნებულ სურათზე დატანილი ნომრით კონგრესის ვებგვერდზე კანონპროექტი შემდეგი სახელით იძებნება - "სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დებულებების აქტი". კანონპროექტი 11 სექტემბერს დაარეგისტრირეს. კანონში რამე სახის შესწორების წინადადება კონგრესის საიტზე ჯერჯერობით ასახული არაა.
აღსანიშნავია, რომ სურათზე ასახული შესწორების წინადადება კანონპროექტის 313-ე მუხლს მიემართება, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომ ტექსტში აშშ-ს მთავრობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უკრძალავს.
რაც შეეხება MEGOBARI აქტს, 5 მაისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მას მხარი დაუჭირა.
აქტი ამერიკის პრეზიდენტს ივანიშვილის რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.





