მარნეული

მარნეულში, ცოლად შერთვის მიზნით 20 წლის გოგო გაიტაცეს - დაკავებულია 7 პირი

შსს-მ მარნეულის რაიონში, ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი: 1996 წელს დაბადებული ე.ა., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ს., 1970 წელს დაბადებული თ.მ., 1993 წელს დაბადებული შ.გ., 1948 წელს დაბადებული რ.ა., 1993 წელს დაბადებული ჯ.ა. და 1968 წელს დაბადებული ე.ა. დააკავა. 

"მარნეულის ერთ-ერთ სოფელში, ე.ა.-მ,  შ.ს.-ს დახმარებით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლად შერთვის მიზნით 2005 წელს დაბადებულ გოგონას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

სამართალდამცველებმა, მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად დაადგინეს გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი, რის შემდეგაც პოლიციამ ე.ა. და შ.ს. ბრალდებულების სახით დააკავა.  

ასევე, დაკავებულები არიან ის პირები, რომლებიც ინფორმაციას ფლობდნენ მომხდარი დანაშაულის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინეს". - წერია განცხადებაში.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, იძულებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 150-ე და 376-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები