ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისების ფაქტზე, ორი პირი დააკავა, ხოლო კიდევ ერთს - ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების წინასწარ შემუშავებული სქემით, ნორვეგიიდან ყაზახეთის მიმართულებით ტრანზიტის რეჟიმით მოძრავი დალუქული ორი ტრაილერიდან, განხორციელდა 1 144 716 ლარის ღირებულების თევზის საქართველოში გადმოტვირთვა, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დანაშაულის შენიღბვის მიზნით, ცარიელმა ტრაილერებმა ქვეყნის ტერიტორია დატოვეს აზერბაიჯანის მიმართულებით, საბაჟოზე წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, თითქოს ხდებოდა ხსენებული თევზის ტრანსპორტირება. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.





