ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) აცხადებენ, რომ, უსაფრთხოების სამსახურ შინ ბეთთან თანამშრომლობით, ჰამასის ლიდერებზე საჰაერო იერიშები მიიტანეს. იერიშების სამიზნე კატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარეობდა.
"მეთაურთა წევრები, რომლებსაც დავარტყით, ტერორისტული ორგანიზაციის აქტივობებს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ და პირდაპირ იყვნენ პასუხისმგებლები 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტასა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის გაჩაღებაზე." - ნათქვამია განცხადებაში.
IDF-ის განცხადებაში კატარი პირდაპირ ნახსენები არ ყოფილა, თუმცა ის მალევე გავრცელდა დოჰაში აფეთქებების ცნობის გავრცელების შემდეგ.
IDF-ში ამბობენ, რომ მიიღეს ზომები მშვიდობიანი მოქალაქეების დაზიანებისგან თავის ასარიდებლად, რა მიზნითაც მაღალი სიზუსტის იარაღები და სადაზვერვო ინფორმაცია გამოიყენეს.
ისრაელის მე-12 არხთან საუბარში მაღალჩინოსანმა თქვა, რომ იერიშისთვის აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანხმობა არსებობდა.
არაბულენოვანი მედიის ცნობით, იერიშის დროს შენობაში იმყოფებოდა ჰამასის ყველა მაღალი დონის ლიდერი, მათ შორის პოლიტიკური ფრთის მეთაური ხალილ ალ-ჰაია. ამას გარდა, ამავე ცნობებით, შენობაში იმყოფებოა ჰამასის დასავლეთ სანაპიროზე მოქმედი ნაწილის მეთაური, ზაჰერ ჯაბარინი, ჰამასის შურას საბჭოს ხელმძღვანელი მუჰამედ დარვიში და უცხოეთში ჰამასის ლიდერი, ხალედ მაშაალი. მაშაალი, რომლის მკვლელობა ისრაელმა ჯერ კიდევ 1997 წელს ცადა, დაჯგუფების ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ლიდერია.
კატარმა საკუთარ ტერიტორიაზე ჰამასის წინააღმდეგ მიტანილი ისრაელის იერიში "მკაცრად დაგმო" და დარტყმას "ლაჩრული" უწოდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მაჯედ ალ ანსარის თქმით, სამიზნე იყო საცხოვრებელი სახლები, რომლებშიც ჰამასის პოლიტიკური ბიუროს რამდენიმე წევრი ცხოვრობდა. მისივე თქმით "კრიმინალური თავდასხმა არის საერთაშორისო სამართლისა და ნორმების უხეში დარღვევა". მან ასევე აღნიშნა, რომ კატარი "არ შეეგუება ისრაელის მსგავს უპასუხისმგებლო ქმედებას, რეგიონული უსაფრთხოებისთვის მიმდინარე ძირის გამოთხრასა და არც უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს".
კატარელი მაღალჩინოსნის თქმით, ჰამასის ლიდერები შეკრებილი იყვნენ, რათა განეხილათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ფორმატი, რომელიც გასულ კვირაში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა წარადგინა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბედი ეწიათ სამიზნეებს. Al Jazeera ჰამასის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელები გადარჩნენ, თუმცა საუდის არაბეთის ტელეარხი Al-Hadath-ის ცნობით, ხალილ ალ-ჰაია, ხალედ მაშაალი, ზაჰერ ჯაბარინი და ნიზარ ავადალაჰი მოკვდნენ.





