ისრაელის ბლოკადის გასარღვევად ბარსელონადან ღაზის სექტორისკენ დაძრული ფლოტილიის ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვაში ერთ-ერთ ნავს, რომელშიც აქტივისტი გრეტა ტუნბერგი იმყოფებოდა, დრონებით თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ნავს ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ნავზე მყოფი ექვსივე ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ტუნისის ხელისუფლება ფლოტილიაზე დრონებით თავდასხმის შესახებ ცნობას უარყოფს. ტუნისის სანაპირო დაცვის სააგენტომ პრესასთან განაცხადა, რომ ზღვაში დრონი არ დაფიქსირებულა და გამოძიება აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს.
ბარსელონადან ღაზას მიმართულებით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ფლოტილია რამდენიმე დღის წინ დაიძრა.
ერთ-ერთ ნავზე შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი იმყოფება.
"ეს მისია არის გამოწვევაა ექსტრემალურად ძალადობრივი საერთაშორისო სისტემისთვის, რომელიც საერთაშორისო კანონს არ აღასრულებს". – განაცხადა ტუნბერგმა გამგზავრების წინ.
ცნობისთვის, 9 ივნისს ისრაელმა დააკავა ნავი, რომელიც ისრაელის მიერ შემოღებული საზღვაო ბლოკადის გარღვევასა და ღაზის სექტორში ჩაღწევას ცდილობდა. ნავზე მყოფ 12 პირს შორის შვედი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი და ფრანგი ევროპარლამენტარი, რიმა ჰასანიც იყვნენ.
ნავი Madleen-ის საზღვაო მისია პროპალესტინური და ანტიისრაელური "თავისუფლების ფლოტილიის კოალიციის" მიერ იყო ორგანიზებული.
Madleen-ის დაკავების შემდეგ, ისრაელმა განაცხადა, რომ ნავზე მყოფი ყველა მგზავრის დეპორტაცია მოხდებოდა.
აქტივისტები ცდილობდნენ, რომ ღაზაში სიმბოლური რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება ჩაეტანათ.





