TV პირველის ინფორმაციით, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი, ლაშა ბასლანძე რესტორან ქვევრის 100%-იანი წილის მფლობელს, შალვა ტიბუას რესტორანში თავს დაესხა. TV პირველი მომხდარის ვიდეოჩანაწერსაც ავრცელებს, რომელიც სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.
შალვა ტიბუა ადვოკატთან ერთად გამოკითხვაზე პოლიციაში იმყოფებოდა. მან განყოფილება უკვე დატოვა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, კომენტარი ტიბუას ადვოკატმა, თამარ აბესაძემ გააკეთა.
"საჯარო რეესტრის ამონაწერით, საკუთრების უფლებით, 100%-იანი წილისა და ასევე უძრავი ქონების მესაკუთრე არის შალვა ტიბუა [...] როგორც მე ვიცი, მათ შორის კონფლიქტი, დაპირისპირება და სიტყვიერი უსიამოვნება მანამდეც იყო. გუშინ ღამე კი, დაახლოებით, 00:30-ზე, როგორც კადრებში ვხედავთ, [ლაშა ბასლანძე] თანმხლებ პირებთან ერთად რესტორან ქვევრში შეიარაღებული მივიდა [...]
ის ტიბუას რატომ დაესხა თავს, ამის მიზეზი არავინ იცის, არც მე ვიცი. არანაირ წილებზე დავა არ არის. [ლაშა ბასლანძე] ამ რესტორნის მოიჯარე იყო, რომელმაც ვალდებულებები, რაც ხელეკრულებით გათვალისწინებული იყო, არ შეასრულა და შესაბამისად, ხელშეკრულება შეუწყდა და ბასლანძემ რესტორანი დატოვა. მე მგონი, უფრო ისეთ რამეს ითხოვდა, რაც არ ეკუთვნოდა". - თქვა ტიბუას ადვოკატმა.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.





