ჩინეთი

აღლუმზე ჩინეთმა ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა DF-61 წარადგინა

აღლუმზე გამოტანილი DF-61-ები

ჩინეთმა მეორე მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაციის აღსანიშნავ აღლუმზე ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, DF-61 წარადგინა.

რაკეტის ამსახველი ფოტოები თავდაპირველად სამხედრო პარადამდე მცირე ხნით ადრე გავრცელდა. აღლუმზე სამხედრო დანადგარი რვაბორბლიან გამშვებ მანქანებზე დამონტაჟებული გამოიტანეს. ეს ამ იარაღის პირველი საჯარო გამოჩენა იყო. DF-61-ის პარალელურად ჩამოატარეს JL-1-ის ჰაერიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტა და Jl-3-ის ტიპის წყალქვეშა ნავიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტა, ასევე ხმელეთიდან გასაშვები DF-31-ის ახალი ვერსია.

ჩინეთის სამთავრობო მედიის, Xinhua-ს თქმით, აღლუმზე პირველად მოხდა არმიის ""სამი ერთში" სტრატეგიული ბირთვული ძალების" დემონსტრაცია. მათივე შეფასებით, ეს არის "სტრატეგიული კოზირი" ჩინეთის სუვერენიტეტისა და "ეროვნული ღირსების" დასაცავად.

გერმანიაში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, Institute for Peace Research and Security Policy-ის ცნობით, სახელი DF-61 ბოლოს გამოიყენებოდა 1970-იან წლებში ახალი ტიპის რაკეტის გამოცდის დროს. თუმცა მაშინ ეს პროგრამა 1978 წელს შეაჩერეს.

 

კომენტარები