საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და პოლონეთის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი 27 აგვისტოს მოლდოვაში ჩავლენ და დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრებიან.
"ლიდერები კიდევ ერთხელ გამოხატავენ სრულ მხარდაჭერას მოლდოვის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ევროპული გზის მიმართ" – წერია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 სექტემბერს გაიმართება.
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, საარჩევნო კორუფცია და გარედან არალეგალური ფინანსური ჩარევა რუსეთის მთავარი ინსტრუმენტებია მოლდოვაში გასამართლი საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.
მოლდოვის პრემიერმინისტრმა, დორინ რეჩანმა აქამდე თქვა, რომ რუსმა აგენტებმა დაახლოებით 200 მილიონი ევრო, მოლდოვის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 1%-ის ეკვივალენტი, დახარჯეს გასულ წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გამართულ რეფერენდუმში ხმების მოსასყიდად.
სანდუ, რომელიც ცდილობს, მოლდოვა კიდევ უფრო დააახლოვოს ევროკავშირთან და დააშოროს რუსულ ორბიტას, ოპოზიციის სახით მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდება. მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო, რომელიც 2024 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში სანდუს მთავარი ოპონენტი იყო და მნიშვნელოვანი რაოდენობის ხმებიც მიიღო, ამჟამად სამი ოპოზიციური პარტიის კოალიციის ლიდერია.
პრორუსულად განწყობილი სტოიანოგლოს კოალიცია მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებშიც სანდუს პარტიის მთავარი ოპონენტი იქნება.
მოლდოვის პარლამენტის სპიკერის, იგორ გროსუს თქმით, სექტემბრის არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის "გადამწყვეტი" იქნება.





