ნარკოდანაშაული

ნარკოდანაშაულისთვის კიდევ 44 პირი დააკავეს, ბოლო ორ თვეში, ჯამში 1 417 – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში "მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება" ჩაატარეს, რის შედეგადაც, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით, დაკავებულია 44 პირი და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. 

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

"დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზით სისტემატურად ყიდდნენ.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების ავტომობილების, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები. ხოლო, ერთ-ერთი დაკავებულისგან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე ტერცია და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, სასჯელის ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობითვე, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 1 417 პირი, რომელთა უმეტესობა ნარკორეალიზატორია.

კომენტარები