რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლავროვი: პუტინის შეთავაზებაა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები უფრო მაღალ დონეზე წარიმართოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთმა წარადგინა შეთავაზება, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები უფრო მაღალ დონეზე წარიმართოს და დელეგაციების უფრო მაღალი დონის პირები ხელმძღვანელობდნენ. 

ამჟამად უკრაინის დელეგაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, ხოლო რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი პუტინის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკია. 

ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე ილაპარაკა

"გუშინწინ პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შედეგად ჩვენმა პრეზიდენტმა წარადგინა შეთავაზება, რომ მოლაპარაკებები არა მხოლოდ გაგრძელდეს, არამედ დელეგაციების ხელმძღვანელების დონის ამაღლებაზე დავფიქრდეთ. ეს სწორედაც ჯდება ჩვენს წინადადებაში, რომელიც ახლახან ვახსენე, იმაზე, რომ ამ პროცესის ფარგლებში ცალკეული ბლოკი რეგულირების პოლიტიკური ასპექტების განხილვისთვის იყოს გამოყოფილი, სამხედრო და ჰუმანიტარულთან ერთად". - თქვა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს ვაშინგტონში ტრამპის, ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, საუბრის დროს ორივე ლიდერმა მხარი დაუჭირა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირი შეხვედრების გაგრძელებას. 

ცნობისთვის, 23 ივლისს სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. მხარეები 1 200-ზე მეტი სამხედრო ტყვის ჰუმანიტარულ გაცვლაზე შეთანხმდნენ.

უმეროვმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ ყურადღება გაამახვილა ჰუმანიტარულ მიმართულებაზე და კიევი მოელის, რომ სამხედრო ტყვეების გათავისუფლების მხრივ პროგრესი იქნება. მისივე თქმით, უკრაინა აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების გათავისუფლების მოთხოვნასაც.

მანამდე, რუსეთ-უკრაინის მეორე რაუნდი სტამბოლში 2 ივნისს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეები ტყვეთა გაცვლაზე და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადაცემაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ ჯამში დაღუპული სამხედროების 6 057 ცხედარი დაიბრუნა. 

კომენტარები