ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების ოპერაციის წინ IDF 60 000-მდე რეზერვისტს გამოიძახებს

ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროები
Menahem Kahana/AFP via Getty Images

Times of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე (IDF) დაყრდნობით წერს, რომ 20 აგვისტოდან ისრაელში 60 000-მდე რეზერვისტს გამოიძახებენ. აქამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ქალაქ ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ იერიშის გეგმა დაადასტურა.

მედიის ცნობით, 60 000-მდე რეზერვისტის ერთდროულად გამოძახება არ მოხდება. ამის ნაცვლად, მათ ეტაპობრივად გამოიძახებენ. უმრავლესობას, 40 000-50 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოცხადება 2 სექტემბერს მოუწევს. მომდევნო ეტაპი ნოემბერ-დეკემბერში იგეგმება, შემდეგი კი 2026 წლის თებერვალ-მარტში.

Times of Israel-ი ხაზს უსვამს, რომ ოპერაციის დროს რეზერვისტების საერთო რაოდენობა 130 000-ს მიაღწევს. სავარაუდოდ, ყველა მათგანი ქალაქ ღაზაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ნაცვლად ამისა, ისინი სხვა ფრონტზე განლაგებულ სამხედროებს ჩაანაცვლებენ.

ისრაელ კაცის მიერ ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების გეგმას "გიდეონის ეტლები B" ჰქვია. იგივე სახელი ჰქონდა ოპერაციას, რომლის დროსაც IDF-მა ღაზის სექტორის 75% დაიკავა და ჰამასზე მძევლების გათავისუფლებისთვის ზეწოლას ცდილობდა.  

ისრაელის არმიაში ამბობენ, რომ მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. ამას გარდა, IDF-ში თქვეს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთში მოაწყობენ ჰუმანიტარულ ინფრასტრუქტურას პალესტინელი დევნილებისთვის, რომელთა მოსალოდნელმა რიცხვი 1 მილიონია. ამავე ცნობით, განალაგებენ დამატებით ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ობიექტებსა და სულ მცირე ორ საველე ჰოსპიტალს. მუშაობას განაახლებს ხან იუნისის საავადმყოფოც, რომლის მიწისქვეშ ჰამასს გვირაბების ქსელი ჰქონდა.

IDF-ის ოპერაციას რამდენიმე ეტაპი ექნება და საევაკუაციო გაფრთხილებით დაიწყება. ისრაელის მაღალჩინოსნებმა აქამდე თქვეს, რომ პალესტინელებს ქალაქიდან ევაკუაციის ვადა 7 ოქტომბრამდე, ანუ ჰამასის ტერაქტის მეორე წლისთავამდე ექნებათ. ამის შემდეგ IDF-ი ქალაქს ალყაში მოაქცევს, შემდეგ კი შესვლას შეეცდებიან. თუ აქამდე ისრაელისთვის ჰამასის მიერ მძევლების გადაცემისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდება, ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების ოპერაციას გააუქმებენ.

18 აგვისტოს ჰამასის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე თანახმა არიან. ერთი შეხედვით, პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეს მზადყოფნა უგულებელყო, თუმცა Times of Israel-ის წყაროები ამბობენ, რომ ამ შეთავაზებას ჯერ კიდევ განიხილავენ.

კომენტარები