პოლონეთი-რუსეთი

პოლონეთში რუსეთის და ბელარუსის დავალებით ხანძრების გაჩენისთვის 6 ადამიანს ბრალი წაუყენეს

დონალდ ტუსკი
Leon Neal/Pool via AP

პოლონეთის პროკურატურამ ექვს ადამიანს ხანძრის გაჩენის ბრალდება წაუყენა, რასაც ქვეყნის პრემიერმა, დონალდ ტუსკმა რუსეთისა და ბელორუსის მიერ დაფინანსებული დივერსიული კამპანია უწოდა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალი წაუყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს და ბელარუსის სამ მოქალაქეს ბრალი წაუყენეს 2023 და 2024 წლებში ცეცხლის გაჩენის მრავალჯერად ინციდენტებში სავარაუდო მონაწილეობისა და უცხოური სადაზვერვო სამსახურების ინტერესებით მუშაობისთვის. გარდა ამისა, მათ ბრალი ედებათ კრიმინალური დაჯგუფების წევრობაში, ასევე ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობაში.

"უკრაინაში ომის დასრულება ახლოვდება, ამიტომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს კიევსა და ვარშავას შორის უთანხმოების დასათესად". - თქვა ტუსკმა.

როგორც გამოცემა Financial Times აღნიშნავს, ტუსკის მთავრობამ არაერთხელ ისაუბრა რუსეთისა და ბელარუსის მიერ პოლონეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის საპასუხოდ დაქირავებული პირების მიერ ჯაშუშობის, კიბერშეტევებისა და დივერსიის გახშირებულ მცდელობებზე, რასაც მოსკოვი და მინსკი კატეგორიულად უარყოფენ.


მანამდე პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა პოლონეთსა და ჩეხეთში ხანძრების გასაჩენად კოლუმბიის მოქალაქეები დაიქირავა

არსებული ინფორმაციით, 27 წლის კოლუმბიელმა 2024 წლის მაისში ხანძარი გააჩინა პოლონეთში სამშენებლო ობიექტების მომარაგების ორ დაწესებულებაში, ხოლო შემდეგ ჩეხეთში ავტობუსების სადგურზე. 

მაისში, დონალდ ტუსკმა ცხრა ადამიანის დაკავების შესახებ ისაუბრა, რომლებიც პოლონეთსა და ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით საბოტაჟს გეგმავდნენ. 
 

კომენტარები