გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ და საფრანგეთმა ფორმალურად აცნობეს გაეროს, რომ ისინი მზად არიან ირანის წინააღმდეგ სანქციების ავტომატური მექანიზმის გასააქტიურებლად, რათა აღადგინონ ირანზე გაეროს სანქციები იმ შემთხვევაში, თუ ირანი არ განაახლებს აშშ-სთან მოლაპარაკებებს ბირთვული პროგრამის შესახებ.
მექანიზმი, რომელიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმების (JCPOA) შედეგად შეიქმნა, მონაწილე სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, ხელახლა აამუშაონ მანამდე გაუქმებული გაეროს სანქციები გაეროს უშიშროების საბჭოს კენჭისყრის გარეშე.
FT-ს მიხედვით, E3-ად ცნობილი სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაეროს ირანის წინააღმდეგ მექანიზმის ამუშავების შესახებ 13 აგვისტოს მიმართეს. თუმცა, მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ რეჟიმს ვადის გახანგრძლივებაც შესთავაზეს, თუ თეირანი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდება.
"ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ, რომ თუ ირანი არ არის მზად, 2025 წლის აგვისტომდე დიპლომატიურ პრობლემა დიპლომატიური გზით გადაიჭრას, ან არ გამოიყენებს [ვადის] გახანგრძლივების შესაძლებლობას, [E3] მზადაა, ავტომატური მექანიზმი აამუშაოს," განაცხადეს მინისტრებმა წერილში, რომლის ასლიც Financial Times-მა მოიპოვა.
მინისტრების თქმით, ეს გადაწყვეტილება ემყარება ირანის მხრიდან JCPOA-ის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების განმეორებით დარღვევას 2019 წლის შემდეგ, როცა აშშ შეთანხმებიდან უკვე ერთი წლის გასული იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ივლისში თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე E3-მ თეირანს განუცხადა, რომ E3 მექანიზმის ვადის გახანგრძლივებაზე დათანხმდებოდა, თუ ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობის გაგრძელებაზე დათანხმდებოდა. თუმცა, ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა FT-ს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები "რთულად" წარიმართა.
სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ ირანის საგარეო მინისტრმა, აბას არაღჩიმ FT-ს უთხრა, რომ E3-ს არ გააჩნია "სამართლებრივი ან მორალური საფუძველი," რომ სანქციების მექანიზმი აამუშაოს. არაღჩიმ E3 გააფრთხილა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში ირანი ევროპულ სახელმწიფოებს სამომავლო ბირთვული მოლაპარაკებებიდან გამორიცხავს.
ცნობისთვის, ირანის ბირთვულ და ბალისტიკურ პროგრამაზე დაწესებულ JCPOA-ის შეზღუდვებს ვადა ოქტომბერში გასდით. თუკი მანამდე ავტომატური მექანიზმი ამუშავდება, მაშინ 2015 წელს ირანისთვის მოხსნილი ყველა გაეროს სანქცია ხელახლა ამუშავდება.





