ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უცხოური მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო დღეებში დამტკიცებული სამხედრო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარებას გულისხმობს, ისრაელს არა ღაზის სექტორის ოკუპაცია, არამედ ტერიტორიის ჰამასის ტერორისტებისგან გათავისუფლება სურს.
"ჩვენი მიზანია, რომ არ მოხდეს ღაზის ოკუპაცია. ჩვენი მიზანი ღაზის გათავისუფლებაა, ჰამასის ტერორისტებისგან გათავისუფლება," თქვა ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე.
ღაზის სექტორში ომის შემდგომი პერიოდის დახასიათებისას ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ "მოხდება ღაზის დემილიტარიზაცია. უსაფრთხოებაზე მთავარი პასუხისმგებლობა ისრაელს ექნება. ღაზა-ისრაელის საზღვართან შეიქმნება უსაფრთხოების ზონა, რათა აღიკვეთოს სამომავლო ტერორისტული შემოჭრები. ღაზის სექტორში ჩამოყალიბდება სამოქალაქო ადმინისტრაცია, რომელიც ისრაელთან მშვიდობით თანაცხოვრებას შეეცდება. ესაა ჩვენი გეგმა ჰამასის შემდეგ."
ისრაელის პრემიერმა ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად "ხუთ პრინციპზე" ისაუბრა: "პირველი, განიარაღებული ჰამასი. მეორე, ყველა მძევალი გათავისუფლებული. მესამე, ღაზა დემილიტარიზებული. მეოთხე, ძირითად უსაფრთხოებაზე ისრაელის კონტროლი და მეხუთე, არაისრაელური მშვიდობიანი სამოქალაქო ადმინისტრაცია." - განმარტა ნეთანიაჰუმ.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰამასის ნაცვლად პალესტინის ადმინისტრაცია (PA) ასევე მიუღებელი ვარიანტია.
"ესაა ჩვენი გეგმა. ჰამასის უარიდან გამომდინარე, რომ იარაღი დაყარონ, საქმის დასრულებისა და ჰამასის სრულად დამარცხების გარდა ისრაელს სხვა არჩევანი არ რჩება," თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა პრესკონფერენციაზე.





