რუსთაველზე მიმდინარე პროტესტზე რამდენჯერმე ვნახეთ შემთხვევა, როცა აქციის მონაწილეებმა მათთვის მიუღებელი პოზიციებისა და გამოხატვის მქონე პირებს აქციის დატოვება მოსთხოვეს.
ამ შემთხვევებმა გააჩინეს კითხვები, ჰქონდათ თუ არა ამის უფლება პროტესტის მონაწილეებს, როცა საჯარო სივრცე ყველას თანაბრად ეკუთვნის და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ყველას თანაბრად აქვს? რა ხდება მაშინ, როცა ერთსა და იმავე სივრცეში კონფლიქტური პოზიციებისა და გზავნილების ჯგუფები იკრიბებიან?
ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია იმ ქვეყნებში, სადაც საჯარო მანიფესტაცია წინასწარ ნებართვას არ საჭიროებს და სადაც შეიძლება განსხვავებული ჯგუფები ერთი და იმავე დროსა და ადგილას სპონტანურად შეიკრიბონ.
ასეთი სიტუაციებში ყველას უფლებების თანაბრად დაცვა შეუძლებელი ხდება. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს როგორც რომელიმე იდეის ან პოზიციის მხარდაჭერას, ისე ამ მხარდაჭერაზე უარს.
როგორ ჭრიან ამ პრობლემას დასავლურ ცივილიზაციაში?
ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია და ამერიკის კონსტიტუცია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მყარ გარანტიებს იძლევა, თუმცა, ორივეს შემთხვევაში, ეს უფლებები აბსოლუტური არ არის მაშინ, როცა ერთის შეკრება წინააღმდეგობაში მოდის მეორის უფლებასთან. ასეთ დროს დასაშვები ხდება რომელიმე ჯგუფის გამოხატვის შინაარსობრივად ნეიტრალური შეზღუდვა - დროის, ადგილის და ფორმის მიხედვით. აუცილებლობის შემთხვევაში კი, დასაშვებია პირის გაძევებაც.
საქმეში პლატფორმა “Ärzte für das Leben” ავსტრიის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ადამიანების მშვიდობიანი შეკრების უფლება. კონტრაქციის მონაწილეებსაც აქვთ თავიანთი უფლებები, მაგრამ სასამართლოები ხშირად აღნიშნავენ, რომ ფიზიკური ან დროითი განცალკევება (ანუ ჯგუფების განსხვავებულ ადგილას ან დროს გადანაწილება) აუცილებელია, რათა არ დაირღვეს რომელიმე მხარის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება.
საქმეში, ქრისტიანები რასიზმის წინააღმდეგ v დიდი ბრიტანეთი - სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებას შეუძლია კონტრაქციის მონაწილეებს დააკისროს გეოგრაფიული შეზღუდვები ან სხვა ადგილას გადაიყვანოს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს არეულობა და ორივე ჯგუფს მისცეს საკუთარი პოზიციის მშვიდობიანი გამოხატვის შესაძლებლობა.
საქმეში ოლინგერი ავსტრიის სახელმწიფოს წინააღმდეგ მშვიდობიანი შეკრების სრული აკრძალვა სასამართლომ დაადგინა არაპროპორციულ, გადამეტებულ შეზღუდვად. თუმცა, ასევე განმარტა, რომ შესაძლებელია უფრო რბილი ზომების მიღება, მაგალითად, ჯგუფების განცალკევება, რაც ლეგიტიმურ და კანონიერ გამოსავალს წარმოადგენს.
აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში ამერიკის ბოისკაუტები დეილის წინააღმდეგ დადგინდა, რომ კერძო ორგანიზაციებს აქვთ გამოხატვის უფლება. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჯგუფიდან პირის გარიცხვა დაშვებულია იმ მოტივით, რომ კონკრეტული პირის ყოფნა არღვევს ჯგუფის გზავნილს და ეწინააღმდეგება მის დოქტრინას.
კლარკი არაძალადობრივი შემოქმედების საზოგადოების წინააღმდეგ საქმე იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაგალითად იმისა, რომ დროის, ადგილის და ფორმის შესახებ რეგულაციები შეიძლება იყოს კონსტიტუციური, თუ სახელმწიფო მათი უზრუნველყოფისას შინაარსობრივად ნეიტრალურია, ემსახურება მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ინტერესს და ტოვებს ალტერნატიულ გზებს გამოხატვისთვის.
ამ საქმემ დაადასტურა, რომ პირველი შესწორება არ იძლევა გამოხატვის აბსოლუტურ თავისუფლებას ყველა დროს, ყველა ფორმითა და ყველა ადგილას, განსაკუთრებით კი, საჯარო სივრცეებში, სადაც სხვადახვა ინტერესების დაბალანსებაა საჭირო.
როდესაც განსხვავებული შეხედულებების მქონე ჯგუფები ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე ადგილას იმყოფებიან, მათი უფლებები შეიძლება ერთმანეთს დაუპირისპირდეს. შეკრების დროს განსხვავებული შეხედულებების გამოხატვის თანაბარი დაცვა შეუძლებელია, თუ არ მოხდება ან ადგილის ან დროის გამიჯვნა. იმისთვის, რომ ადამიანს არ მიეწებოს მისთვის მიუღებელი შეხედულება, ამისთვის შეკრება/მსვლელობა უნდა ჩატარდეს ან ერთდროულად და სხვადასხვა ადგილას ან ერთ ადგილას მაგრამ სხვადასხვა დროს. მესამე ვარიანტი შეუძლებელია.
არავის აქვს სხვის აქციაზე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. თუ ერთი ჯგუფი უკვე შეკრებილია რომელიმე საჯარო სივრცეში, მეორე ჯგუფს იმავე ტერიტორიაზე და თანადროულად ყოფნის უფლება არ აქვს. თუ აქციის ორგანიზატორი მიიჩნევს, რომ პირის პოზიციები ან გამოხატვა ეწინააღმდეგება მიმდინარე აქციის არსს, მას შეუძლია მოითხოვოს ამ პირის აქციიდან წასვლა.
როცა ორგანიზატორი არ არსებობს, ვითარება იცვლება.
თუ შეკრებას არ აქვს მეტ-ნაკლებად ორგანიზებული ფორმა და ის მთლიანად სპონტანურია, მაშინ არავის ექნება უფლება განსაზღვროს შეკრების მთავარი სათქმელი. შესაბამისად, აქციიდან ვერც საპირისპირო პოზიციის პირის გაძევება ჩაითვლება ლეგიტიმურად.
სპონტანური, არაორგანიზებული შეკრებებისას ვერავინ გამოარკვევს ვის რისი უფლება აქვს და არ აქვს.
აქ გამოსავალი ის არის, რომ შეკრებას მეტ-ნაკლებად ორგანიზებული ფორმა ჰქონდეს. საღი აზრის ტესტით უნდა განისაზღვრებოდეს მისი ფორმალური თუ არაფორმალური ორგანიზატორი, რომლის ვინაობის შესახებაც პროტესტში მონაწილე პირები ინფორმირებულები არიან და რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს.




