ნარკოტიკების რეალიზაციაში, რეალიზაციის მომზადებასა და რეალიზაციის მცდელობაში, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანასა და შეძენა-შენახვაში ბრალდებული 43 პირი დააკავეს - ამის შესახებ ბრიფინგზე ივანიშვილის შს მინისტრმა, გეკა გელაძემ ისაუბრა.
"დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.
დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისათვის იყენებდნენ სხვადასხვა ინტერნეტ-აპლიკაციას, სოციალურ ქსელებს და ასევე, ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდს.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა" - ამბობს გელაძე.





