რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილსა და პარტია ლელოს წევრ გრიგოლ გეგელიას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გეგელიამ ტერიტორია დატოვა. აქტივისტების ინფორმაციით, დაპირისპირება არჩევნების თემაზე დაიწყო.
"წადი, არჩევნებისთვის მოემზადე" - უყვიროდნენ პოლიტიკოსს რადიო თავისუფლების ცნობით.
აღსანიშნავია, რომ ლელო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
მოგვიანებით, გრიგოლ გეგელიამ "ყველა ადამიანს" სთხოვა, ფოკუსი გაასწორონ.
"ჩვენი ძირითადი მიზანი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. არის მღელვარება, მაგრამ მე მესმის, არანაირი პრობლემა არ არის, არანაირი თავდასხმა არ ყოფილა, არანაირი მნიშვნელოვანი ექსცესი. განურჩევლად იმისა, ვის როგორი პოზიცია აქვს, გავაგრძელებ ამ ქვეყნისთვის ბრძოლას. ყველაფერი არის კარგად და იქნება კარგად. არავითარი სხვა სამიზნე და წინააღმდეგობა არ არსებობს და არ იარსებებს. ყველა ადამიანს მინდა ვთხოვო, გაასწორონ ფოკუსი და გაიხსენონ, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი. განურჩევლად იმისა, თუ ბრძოლის ვის რა ტაქტიკა გვაქვს, გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად“, - თქვა გეგელიამ ინტერპრესნიუსის ცნობით.
თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს - მოქალაქეებმა ფილარმონიიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს.
დღეს, 6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დღესვე, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო. პროკურატურა განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებს.





