West Fest Kutaisi

არ გვინდოდა, პოლიტიკური სახე მისცემოდა ფესტივალს - West Fest Kutaisi ჯგუფ LOUDspeakers-ზე

West Fest Kutaisi-ს დამფუძნებლებმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეს, სადაც ახსნეს ფესტივალის ჩატარების ფორმატი და გამოეხმაურნენ LOUDspeakers-ის განცხადებას.

"West Fest Kutaisi-ს დამფუძნებლები ვრჩებით საწყის აზრზე, რომელიც ფესტივალის შექმნის დროს გაგვაჩნდა. 

ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, არ გვინდოდა ფესტივალს მიეღო პოლიტიკური ელფერი და შესაბამისად, ერთი თვის წინ, პერსონალური თხოვნის საფუძველზე, ყველა მონაწილე ბენდთან, მათ შორის Loudspeakers -თან შევთანხმდით, რომ ფესტივალს არ მიცემოდა პოლიტიკური სახე და ქალაქს ჰქონოდა განტვირთვისა და გემოვნებიანი მუსიკის მოსმენის საშუალება.

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ - ჩვენ არ გვინდოდა პოლიტიკური სახე მისცემოდა ფესტივალს. ორგანიზაცია არის არაპოლიტიზირებული, არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი. West Fest Kutaisi არის კერძო პირების მიერ კომერციული მიზნით შექმნილი ორგანიზაცია.

ხოლო რაც შეეხება Loudspeakers, პირველადი შეთანხმების მიუხედავად, ვერ შეძლო ჩვენი თხოვნის გათვალისწინება და უარი განაცხადა, ფესტივალზე გამოსულიყო. ჩვენ პატივს ვცემთ ყველას ინდივიდუალურ აზრს.

ფესტივალის მიზანი არის ქუთაისის ცნობადობის გაზრდა მუსიკალური თვალსაზრისით" - წერს West Fest Kutaisi.

მუსიკალურმა ჯგუფმა LOUDspeakers-მა გუშინ, 4 აგვისტოს დაწერა, რომ ფესტივალში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მათი თქმით, West Fest Kutaisi-ს ორგანიზატორებმა უთხრეს, რომ "სცენიდან გაკეთებული ნებისმიერი სახის საპროტესტო მესიჯი ფესტივალს შეუქმნის საფრთხეს".

"სადაც რეჟიმის ტყვეებისთვის სოლიდარობის გამოხატვის ადგილი არ არის, არც ჩვენი ადგილია. P.S. ცნობისთვის, მსგავსი მოთხოვნების გამო, არაერთ კონცერტზე მოგვიწია უარის თქმა. 

ჩვენ ვრჩებით ბოლომდე პროტესტში და არ ვეგუებით არსებულ რეალობას!" - ნათქვამია პოსტში.

West Fest Kutaisi 6-7 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ის ცნობილი ბენდებია ჩამოთვლილი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ: TAMADA, Skazz, ოჩოს ქოხი, გამოუვალი მდგომარეობა, 4D Monster Lobsters და სხვები. 

კომენტარები