აშშ-ს საგარეო პოლიტიკა

სომალილენდი სახელმწიფოდ აღიარების სანაცვლოდ აშშ-ს სამხედრო ბაზასა და მინერალებს სთავაზობს

სომალილენდის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი მონუმენტი, რომელიც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქ ჰარგეისაშია აღმართული
Eduardo Soteras/AFP/Getty Images

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, აფრიკის რქაზე მდებარე სომალილენდის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, რომელმაც 1991 წელს სომალისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარების სანაცვლოდ აშშ-ს თავის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის განლაგებასა და ძვირფას წიაღისეულზე შეთანხმების დადებას სთავაზობს. 

მიუხედავად იმისა, რომ აშშ ამჟამად სომალილენდის ტერიტორიაზე სომალის პრეტენზიას აღიარებს, სომალილენდის პრეზიდენტი აბდირაჰმან მოჰამედ აბდულაჰი ვაშინგტონში ლობირებას ცდილობს, რათა აშშ-მ თვითგამოცხადებული რესპუბლიკა დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოდ აღიაროს. 

2024 წელს სათავეში მოსული აბდულაჰი ამბობს, რომ სომალის აშშ-ს საელჩოსთან და თავდაცვის დეპარტამენტთან გამართული საუბრების მიზანია, რომ სომალილენდმა ეკონომიკური თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და კონტრტერორიზმის კუთხით ახალი პარტნიორობა დაამყაროს. 

"ჩვენ განვიხილეთ გზები და საშუალებები, რათა უსაფრთხოების, ვაჭრობისა და რეგიონული სტაბილურობის კუთხით ვითანამშრომლოთ," თქვა აბდულაჰიმ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში სომალიში აშშ-ს ელჩი სომალილენდს რამდენჯერმე ეწვია, ხოლო თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დეკემბერში ჩავიდნენ. 

აბდულაჰის თქმით, სახელმწიფოებრიობის აღიარება მიზნად რჩება, თუმცა ამის მისაღწევი გზა საერთაშორისო საზოგადოებასთან უსაფრთხოებაზე, ვაჭრობასა, კონტრტერორიზმზე, მეკობრეობის აღკვეთისა და არალეგალური მიგრაციის საკითხებზე ჩართულობაზე გადის. 

"თუ აშშ დაინტერესებულია სომალილენდში მიწით, მათ მივესალმებით," განაცხადა აბდულაჰიმ და დაამატა, რომ ის მზადაა, აშშ-ს კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეულზე, მათ შორის, ლითიუმის წარმოებაზე, შეთანხმების დადება შესთავაზოს. 

1991 წელს, სომალის ცენტრალური მთავრობის ჩამოშლის შემდეგ, სომალილენდმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მას შემდეგ დე ფაქტო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევა, თუმცა ის ამ დრომდე ოფიციალურად არცერთ ქვეყანას არ აქვს აღიარებული.

სომალილენდს საკუთარი მთავრობა, ვალუტა და უსაფრთხოების ძალები ჰყავს და 1990-იანი წლებიდან მოყოლებული სომალისთან შედარებით სტაბილურობისა და დემოკრატიული პროცესების შენარჩუნებას ახერხებს. აღიარების მიუხედავად, სომალილენდს შეზღუდული სახით აქვს დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობები. ამასთან, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რეგულარულად იმართება არჩევნები. 

კომენტარები