პალესტინის აღიარება

კარნი: კანადა პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას სექტემბერში აპირებს

მარკ კარნი
Graham Hughes/Bloomberg

31 ივლისს კანადის პრემიერმინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადა სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას აპირებს.

"კანადა დიდი ხანია, ორი სახელმწიფოს იდეას უჭერს მხარს – დამოუკიდებელ, სიცოცხლისუნარიან და სუვერენულ პალესტინის სახელმწიფოს, რომელიც ისრაელის სახელმწიფოსთან ერთად მშვიდობასა და უსაფრთხოებაში იარსებებს" – განუცხადა კარნიმ ჟურნალისტებს.

კანადა პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გეგმავს, რომელიც სექტემბერში ჩატარდება.

"ჩვენ ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ პალესტინის ადმინისტრაციამ (PA) უაღრესად საჭირო რეფორმების გატარების ვალდებულება აიღო".

კარნიმ ასევე აღნიშნა, რომ პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა მას უთხრა, რომ მისი მთავრობა 2026 წელს დიდი ხნით გადადებულ არჩევნებს ჩაატარებს, რომლებშიც ჰამასი "მონაწილეობას არ მიიღებს".

"[აბასი] ასევე იღებს ვალდებულებას, არ მოახდინოს პალესტინის სახელმწიფოს მილიტარიზაცია" – დაამატა კარნიმ.

"ისრაელისთვის ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის გზა სიცოცხლისუნარიან და სტაბილურ პალესტინის სახელმწიფოს მოითხოვს, რომელიც ისრაელის უსაფრთხოების განუყოფელ უფლებას აღიარებს" - თქვა კარნიმ

კარნის განცხადებას სწრაფადვე მოჰყვა კრიტიკა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ შესაძლოა, ამ გადაწყვეტილების გამო, კანადასთან  ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები გართულდეს.

„კანადამ ახლახან გამოაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობას მხარს უჭერს. ახლა მათთან ვაჭრობის შეთანხმების მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება" - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ცნობისთვის, 24 ივლისს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებს.

კომენტარები