გაერთიანებული სამეფო უარყოფს კრიტიკას იმის შესახებ, რომ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების გეგმა ჰამასის ტერორისტულ დაჯგუფებას აჯილდოებს.
ისრაელის მხრიდან კრიტიკა პრემიერმინისტრ კირ სტარმერის ულტიმატუმს მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ მისი მთავრობა პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებდა, თუმცა მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მიღწეული ფართო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.
სტარმერის განცხადებას მალევე ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პალესტინის აღიარება ჰამასის მსხვერპლთა დასჯა და თავად ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის დაჯილდოება იქნება.
კრიტიკასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვებს ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა ჰეიდი ალექსანდერმა 30 ივლისს უპასუხა და თქვა, რომ ბრიტანეთის გეგმის ამგვარად დახასიათება არ უნდა მოხდეს.
"ეს არ არის ჯილდო ჰამასისთვის. ჰამასი საშინელი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს პალესტინელი ხალხისთვისაა. იმ ბავშვებისთვის, რომელსაც ვხედავთ, თუ როგორ იხოცებიან შიმშილით ღაზაში." - განუცხადა მან LBC რადიოს.
"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა ისრაელის მთავრობაზე, რათა მოიხსნას შეზღუდვები და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება დაბრუნდეს " - დაამატა მან.
ამას გარდა, გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვაზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელზე მსგავსი სახით ზეწოლა ჰამასის დაჯილდოება იქნება.
"შეიძლება ითქვას, რომ ასე ჰამასს აჯილდოებთ. მე არ ვფიქრობ, რომ ჰამასი დასაჯილდოებელია. იმ ბანაკს არ ვეკუთვნი." - უპასუხა ტრამპმა.
25 ივლისს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კეირ სტარმერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა პალესტინის სახელმწიფოებრიობა მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მიღწეული ფართო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აღიარებს.





