სირია

სირიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში გაიმართება

სირიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში გაიმართება. ინფორმაციას სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA ავრცელებს.

სირიის საარჩევნო კომისიის ახალი ხელმძღვანელის, მოჰამედ ტაჰ ალ-აჰმადის თქმით, მან სირიის პრეზიდენტს უკვე წარუდგინა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გეგმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც სირიის დროებითი მთავრობის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა შესაბამის განკარგულებას ხელს მოაწერს, დაიწყება საარჩევნო ორგანოების ფორმირების პროცესი და კანდიდატები შეძლებენ დებატების გამართვისთვის განაცხადების გაკეთებას.

გეგმის მიხედვით, არჩევნების შედეგად, სირიის სახალხო საბჭოში 210 დეპუტატი იქნება წარმოდგენილი, თუმცა, მოსახლეობა მათგან მხოლოდ 2/3-ს აირჩევს, 70-ს კი პრეზიდენტი დანიშნავს. გარდამავალ ეტაპზე სირიის პარლამენტი ახალ კანონმდებლობას შეიმუშავებს და მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შედგენის პროცესში.

დროებითი პარლამენტი სამი წლის ვადით იქნება არჩეული. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს ასევე ექნება ქვეყნის პრეზიდენტის გადაყენების ან მისი უფლებამოსილების შეჩერების შესაძლებლობა.

კომენტარები