ტაილანდსა და კამბოჯას შორის მძიმე საარტილერიო დარტყმები 25 ივლისსაც გაგრძელდა იმ ფონზე, რაც მხარეებს შორის ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მწვავე შეტაკებები მეორე დღეა მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობებით, კონფლიქტს ამ დრომდე, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა.
ტაილანდის არმიის ცნობით, ღამის განმავლობაში კამბოჯამ არტილერია და რუსული BM-21 სარაკეტო სისტემები გამოიყენა. ხელისუფლების მიხედვით, ტაილანდის მხარეს კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიებიდან 100 000-მდე ადამიანია ევაკუირებული.
"კამბოჯის ძალებმა ჩაატარეს უწყვეტი დაბომბვა მძიმე შეიარაღების გამოიყენებით, საველე არტილერიითა და BM-21 სარაკეტო სისტემებით," განაცხადა ტაილანდის არმიამ.
"ტაილანდის ძალებმა შესაფერისი მხარდამჭერი ცეცხლით უპასუხეს ტაქტიკური ვითარების შესაბამისად." - დაამატა ტაილანდის მხარემ.
ბოლო კვირების განმავლობაში ტაილანდსა და კამბოჯას შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, 24 ივლისს ორი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ, სადავო ტა მოან ტჰომის ტაძრის სიახლოვეს, მხარეებს შორის შეტაკებები დაიწყო.
ტაილანდმა შეტაკებების პირველივე დღეს F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების გამოყენებით კამბოჯაში სამხედრო სამიზნეებიც დაბომბა.
კონფლიქტის დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს სდებს ბრალს. შეტაკებების დაწყებამდე ტაილანდმა კამბოჯიდან წინა ღამით ელჩი გამოიძახა და პნომპენის წარმომადგენელი ქვეყნიდან გააძევა.
მანამდე ტაილანდელმა სამხედრომ ნაღმზე აფეთქების შედეგად კიდური დაკარგა. ტაილანდური მხარის მიხედვით, ტერიტორია კამბოჯელი სამხედროების მიერ ბოლო პერიოდში იყო დანაღმული. აღნიშნულ ბრალდებას პნომპენი უსაფუძვლოს უწოდებს.





