რუსული თხევადი გაზი

IEA: წლის პირველ ნახევარში რუსეთმა თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი 7%-ით შეამცირა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთმა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტი 7%-ით, ანუ 1.6 მილიარდი კუბური მეტრით შეამცირა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის მედია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA) გაზის ბაზრის შესახებ უკანასკნელ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთიდან მიწოდება 7%-ით, ანუ 1.6 მილიარდი კუბური მეტრით შემცირდა. ამის მიზეზი კი ის სანქციები გახდა, რომლებმაც თებერვლის ბოლოდან ქვეყნის ორი მცირე ზომის თხევადი ბუნებრივი აირის ქარხნიდან ექსპორტი შეაჩერა. იანვარში აშშ-ს სახელმწიფო ხაზინამ სანქციები დაუწესა ბალტიის რეგიონში მდებარე რუსეთის ორ საშუალო მასშტაბის თხევადი ბუნებრივი აირის ობიექტს.

ამავდროულად, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპაში წინა წელთან 4%-ით, ანუ 0.5 მილიარდი კუბური მეტრით შემცირდა, რამაც რუსეთს საშუალება მისცა შეენარჩუნებინა თავისი პოზიცია, როგორც რეგიონში თხევადი ბუნებრივი აირის რიგით მეორე უდიდეს მიმწოდებელს.

ევროპისთვის უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის მიმწოდებლად კვლავ აშშ რჩება, რომელიც რეგიონის იმპორტების 60%-ს ფარავს. წლის პირველ ნახევარში აშშ-მ ევროკავშირის ქვეყნებში თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი 45%-ით გაზარდა.

კომენტარები