პარტია ფედერალისტები კვირას, 13 ივლისს, 16:20 საათზე, პარტია გირჩის მიერ პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას უერთდებიან, რომელიც რეჟიმის დრაკონული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გაიმართება.
"აქციის მოთხოვნებს ფედერალისტები ვიზიარებთ და სხვა საკითხებში ჩვენ შორის არსებული ფუნდამენტური განსხვავების მიუხედავად, ვუერთდებით მას" - ნათქვამია პარტია ფედერალისტების განცხადებაში.
ფედერალისტების განცხადებით, რეჟიმი ცდილობს ნარკოტიკი საზოგადოების კონტროლისა და პოლიტიკური დევნისთვის გამოიყენოს და ამით ის ქვეყანას 90-იან წლებში აბრუნებს. ნარკოტიკების პრობლემა კი რაზეც მოქალაქეები საუბრობენ, სინამდვილეში რეჟიმის პოლიტიკითაა გამოწვეული.
"ივანიშვილის რეჟიმმა პოლიტიკური ლეგიტიმაციის ღრმა კრიზისში შებიჯების შემდგომ, გადაწყვიტა, რომ მძიმე ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემა და მასთან დაკავშირებული კრიმინალი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენოს და სანახაობრივი ნაბიჯებით, ერთი მხრივ მოქალაქეებს ილუზია შეუქმნას, რომ მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას ცდილობს, ხოლო მეორე მხრივ, შერჩევითი რეპრესიული ზომებით ოპონენტები დევნოს.
ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს არის როგორც საზოგადოებისთვის პრაქტიკული თვალსაზრისით საზიანო, ისე ინდივიდის თავისუფლების თვალსაზრისით არაკონსტიტუციური და ამორალური, როდესაც ის უკონტროლოდ და უმიზეზოდ მოქალაქეებს აიძულებს, შესამოწმებლად ჩააბარონ შარდი - კიდევ უფრო საზიანოა ის ცვლილებები, რასაც ხელისუფლება სპეციფიკურად კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით გეგმავს.
მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებისთვის მოქალაქეების დასჯა არაკონსტიტუციურად ცნო, რეჟიმი აპირებს სასჯელი დრაკონულად გაამკაცროს კანაფის შეძენა, შენახვა, ფლობის გამო და მოხმარების კრიმინალიზების მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ფეხებზე დაიკიდოს, იმის ნაცვლად, რომ ის, რისი მოხმარებაც დეკრიმინალიზბულია, სრულად ლეგალიზებული იყოს, რათა არც ხელისუფლებებს ჰქონდეთ ამ თემით მანიპულირების შესაძლებლობა და არც ორგანიზებულმა კრიმინალმა დაიკავოს ეს სივრცე.
ფაქტობრივად, 90-იანი წლების მდგომარეობასთან გვაბრუნებენ, როდესაც სახელმწიფო თითქოს ნარკოტიკების მოხმარებას ებრძოდა და ამ დროს ეს მხოლოდ კორუფციის, პოლიტიკური დევნის და საზოგადოების კონტროლის ინსტრუმენტი იყო.
სინამდვილეში, მძიმე ნარკოტიკების პრობლემა, რომელზეც საქართველოს მოქალაქეები საუბრობენ, რეჟიმის პოლიტიკით არის გამოწვეული, პირველ რიგში, პოლიტიკური ამოცანებისთვის წლების განმავლობაში კრიმინალურ სამყაროსთან სახელწიფოს გარიგებით და მათთვის დაუსჯელობის უზრუნველყოფით, ხოლო შემდგომ ქვეყანაში უიმედო, უპერსპექტივო გარემოს კულტივირებით.
მძიკე ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემას განსაკუთრებით ამწვავებს მოქალაქეებში ტოტალური უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდა, როდესაც ქვეყანაში ხარისხიანი განათლების, ღირსეული დასაქმების შესაძლებლობების, სამართლიანობის, თავისუფალი კონკურენციის ნაცვლად კორუფცია, ნეპოტიზმი, უსამართლობა ბატონობს და მოქალაქეთა ნაწილი ამ უიმედობის პირისპირ შვებას ქვეყნიდან გაქცევით, ხოლო ნაწილი ნარკოტიკულ თრობაში პოულობს.
სწორედ იმის გამო, რომ ამგვარი უპერსპექტივობის მიზეზი თავად რეჟიმია, ის ცდილობს სანახაობრივი ზომებით მოქალაქეები მოატყუოს, რომ მათი ოჯახის წევრების უკონტროლო დევნით ამ პრობლემას მოაგვარებს.
სინამდვილეში კი არ აგვარებს, თავად წარმოადგენს პრობლემას.
აქედან გამომდინარე, უსამართლო, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა არის იმ ფართო პროტესტის ნაწილი, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გადარჩენისთვის უკვე 226 დღეა მიმდინარეობს, რადგან როგორც ამ, ისე სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს არაფერი ეშველება რეჟიმის ცვლილების გარეშე.
კვირას, 13 ივლისს 16:20 საათზე პარლამენტის წინ რეჟიმის დრაკონული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ არის დანიშნული გირჩის აქცია, რომლის მოთხოვნებსაც ფედერალისტები ვიზიარებთ და სხვა საკითხებში ჩვენ შორის არსებული ფუნდამენტური განსხვავების მიუხედავად, ვუერთდებით მას" - ნათქვამია ფედერალისტების განცხადებაში.
რეპრესიული ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ 2 ივლისს, დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა. ეს რეჟიმის მიერ ნარკოპოლიტიკის გამკაცრების მეორე ეტაპი იყო, იქამდე 16 აპრილს ივანიშვილის პარლამენტმა კანონში მთელი რიგი ცვლილებები შეიტანა.





