ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ

რწმენის თავისუფლების შელახვა, რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია – TDI-ს ანგარიში

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაზე წლიური ანგარიში მოამზადა

ანგარიშში წერია, რომ 2024 წლის მაისში ქართული ოცნების მიერ მიღებული რუსული კანონი ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასაც ლახავს და რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას საფრთხეს უქმნის. 

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საფრთხეს უქმნის რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას და ადამიანების უფლებას, თავისუფლად, შიშისა და სტიგმის გარეშე გამოხატონ საკუთარი რელიგია ან რწმენა, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად. ასევე, ერევა რელიგიურ საქმიანობასა და ავტონომიურობაში. სახელმწიფოს აძლევს ბერკეტს, შეაგროვოს ადამიანების აღმსარებლობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური, სენსიტიური შინაარსის მონაცემები.

არადემოკრატიული მმართველობის პირობებში, თუკი ხელისუფლებას ამგვარი განზრახვა ექნება, მან, შესაძლოა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი საჯარო სამართლის იურიდიულ პირ რელიგიურ ორგანიზაციებზეც გაავრცელოს". - წერია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, რუსული კანონი უპირობოდ ვრცელდება არაკომერციული იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე, თუკი მათი წლიური დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოური წყაროებიდანაა.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რელიგიური გაერთიანებების დიდ ნაწილს აქვს სოციალური, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ორგანიზაციები და მათი საქმიანობისთვის საერთაშორისო გრანტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსული კანონი კი მათაც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად" განიხილავს და მძიმე, მასტიგმატიზებელ ვალდებულებებს აკისრებს.

ანგარიშში გაკრიტიკებულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობაც. TDI წერს, რომ ის არამართლმადიდებელი რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის მექანიზმად განიხილება.

"საანგარიშო პერიოდში პრობლემურად დარჩა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს როლი და საქმიანობა, რომელიც არ ემსახურება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და არამართლმადიდებელი რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის მექანიზმად განიხილება. სააგენტოს არ გამოუხატავს პოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებსაც ავალდებულებს მადისკრედიტებელ რეესტრში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირებას. სააგენტოს უარყოფითი და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო როლი გამოჩნდა ადიგენში 2023-2024 წლებში მუსლიმების მიმართ განგრძობითი დევნისა და უფლებების შელახვის საქმეშიც". - წერია ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის საქმეებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ხშირ შემთხვევაში, ადამიანის უფლებების საზიანოა.

"მნიშვნელოვანი რეგრესი შეინიშნება რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის საქმეებზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებშიც. არსებული ტენდენციით, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილებები, ზემდგომი სასამართლოები ამ გადაწყვეტილებებს ცვლიან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საზიანოდ, ხოლო ახლად დაწყებულ საქმეებზე, უმეტეს შემთხვევაში, იმთავითვე უარყოფითი გადაწყვეტილებები გამოაქვთ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, რელიგიის ნიშნით კანონმდებლობაში არსებული დისკრიმინაციის არაერთი საქმე სასამართლოს წარმოებაში წლებია უშედეგოდ რჩება, რაც ხელს უწყობს რელიგიური უმცირესობების მიმართ განგრძობით და სისტემურ დისკრიმინაციას". - წერს TDI.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა და შემდგომ პეროდში ქართული ოცნება აქტიურად იყენებდა ფსევდო-რელიგიურ პროპაგანდას, მართლმადიდებელი სასულიერო პირების დიდი ნაწილის ქადაგებებსა და საჯარო გამოსვლებში კი ოცნების მხარდამჭერი და სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების და დასავლეთის საწინააღმდეგო რიტორიკა ისმოდა. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლავ პრობლემურია სისტემური დისკრიმინაცია რელიგიური უმცირესობების მიმართ როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში.

"არადომინანტური რელიგიური გაერთიანებებისთვის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა კვლავ რელიგიურ ქონებასა და სამლოცველოებთან დაკავშირებული საკითხებია. რელიგიური გაერთიანებები დაბრკოლებებს აწყდებიან როგორც საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ქონების დაბრუნების, ისე ახალი სამლოცველოების მშენებლობის პროცესში.

კვლავ გადაუჭრელი რჩება მუსლიმების მიერ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი. კერძოდ, ხელისუფლების მხრიდან მუსლიმთა ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას განგრძობითი ხასიათი აქვს.

საანგარიშო პერიოდში კვლავ აქტუალური იყო საქართველოს ევანგელისტური ეკლესიის საქმე, რომელშიც ევანგელისტური ეკლესიის მრევლის რწმენისა და რელიგიის თავისუფლების და სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა შენიღბულია წინააღმდეგობრივი სამოქალაქო დავით

გარდა იმისა, რომ არადომინანტი რელიგიური გაერთიანებები ვერ იბრუნებენ მათთვის წართმეულ რელიგიურ ნაგებობებს, მართლმადიდებელი ეკლესია მათ ხელს იმაშიც უშლის, რომ რელიგიურ დღესასწაულებზე ამ ნაგებობებს ეწვიონ". - წერია ანგარიშში. 

დოკუმენტის მიხედვით, საქმეს უფრო მეტად შემაშფოთებელს ხდის მუსლიმების უფლებების დარღვევაში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობა - "თანამდებობის პირებმა არაფორმალური "მოლაპარაკების" გზით გადაწყვიტეს გამოსავლის მოძიება და დახურული შეხვედრის ფორმატში აიძულებდნენ მუსლიმებს, დაეთმოთ ადიგენში მდებარე საკუთრება, შეეწყვიტათ ლოცვა და რელიგიური საქმიანობა, სანაცვლოდ კი მიმდებარე სოფელში სხვა შენობა-ნაგებობის შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას ჰპირდებოდნენ" - წერია ანგარიშში.

TDI წერს, რომ შრომის კოდექსის მიხედვით, უქმე დღეებად განსაზღვრულია 18 დღე, საიდანაც მხოლოდ 7 დღე უკავშირდება საერო მნიშვნელობის მოვლენებს, დანარჩენი 11 დღე კი, ექსკლუზიურად მართლმადიდებლურ ქრისტიანულ დღესასწაულებს. საქართველოში მცხოვრები არამართლმადიდებლების, აგრეთვე ეთნიკური თემების კულტურული და რელიგიური დღესასწაულები კი უგულებელყოფილია.

ასევე, ანგარიშში გაკრიტიკებულია თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვით, როგორც TDI წერს, სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის მიზნით, ელექტრონულ სისტემაში შევა ისეთი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, როგორიცაა ადამიანის რწმენა და აღმსარებლობა.

TDI წერს, რომ გასულ წელსაც პრობლემური საკითხი იყო რელიგიური ნიშნით მოტივირებულ დანაშაულებზე არასათანადო რეაგირება.

"ეს გამოიხატება გამოძიების არდაწყებაში, არაეფექტიან გამოძიებაში, მსხვერპლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისა და ბრალდებული პირების გამოვლენის გაჭიანურებაში. 2024 წელს ადიგენში მუსლიმი მორწმუნეების მიმართ ძალადობრივი მუქარის, სიძულვილის ენის გამოყენების და რელიგიურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტების მიმართ ხელისუფლებამ მიზანმიმართულად არ დაიწყო გამოძიება. მეტიც, საქმეში ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის ჩართულობა დანაშაულის დაფარვასა და მუსლიმების კანონიერი უფლებების აღსრულების ხელშეშლაზე მიუთითებს" - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალობის დარღვევა დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 

"2024 წელს სოფელ არწივანის საჯარო სკოლის მუსლიმი მასწავლებლები და მოსწავლეები რელიგიური ნეიტრალობის დარღვევისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდნენ. სკოლაში, რომლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების უმრავლესობა მუსლიმია, მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა საგაკვეთილო საათებში საკლასო ოთახები აკურთხეს, კედლებზე ჯვრის გამოსახულებიანი სტიკერები გააკრეს, მოსწავლეებს (მათ შორის, მუსლიმ მოსწავლეებს) ნაკურთხი წყალი აპკურეს და ზეთისცხების რიტუალიც ჩაატარეს. სახალხო დამცველმა ამ საქმის შესწავლა 10 თვეს გააჭიანურა და საბოლოოდ საქმის წარმოება შეწყვიტა". - წერია ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ანტისემიტურ გზავნილებს შეიცავდა სხვადასხვა საჯარო პირის, მათ შორის, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პროპაგანდისტების გამოსვლები და სოციალურ ქსელებში გავრცელებული მასალები.

ანგარიშში წერია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოს სუბსიდირების ხასიათს ატარებს. ხაზგასმულია, რომ თანხის გარდა, სახელმწიფომ მართლმადიდებელ ეკლესიას მატერიალური სიკეთეებიც გადასცა - მათ შორის, უძრავი ქონება და მიწის ნაკვეთები.

 

კომენტარები