გედევან ფოფხაძე

ხოშტარიასთან ერთად, შიმშილობა დაიწყო გედევან ფოფხაძემაც

pirveliradio.ge

გედევან ფოფხაძემ რუსთაველზე შიმშილობა დაიწყო.

პოლიტიკოსის თქმით, ის უერთდება ელენე ხოშტარიას პროტესტს, რადგან, მისი აზრით, რეჟიმთან რაიმე ფორმით თანამშრომლობა პოლიტიკური პატიმრებისა და საზოგადოების ღალატია. ამიტომ შიმშილობა არის ახლა ბრძოლის სწორი ფორმა.

"მე ვუერთდები ელენე ხოშტარიას აქციას. მეც დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. აბსოლუტურად ვეთანხმები ელენეს იმაში, რომ შეუძლებელია დღეს ამ რეჟიმთან რაიმე ფორმის თანამშრომლობა იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, არის შექმნილი უკანონო რეპრესიული სისტემა ადამიანების დევნის, არის არალეგიტიმური სახელმწიფო სისტემა, რომელიც უბრალოდ ემსახურება ერთი ადამიანის კერძო ინტერესს და ამ ფონზე თუ ჩვენ არ დავუპირისპირდით ამ ყველაფერს ჩვენი თავგანწირვით, ჩვენი პრინციპული პოზიციით და რაიმე ელემენტი დავტოვეთ მათთან შესაძლო თანამშრომლობის, ჩვენ ამით ვღალატობთ იმ ხალხსაც, ვინც ციხეში უკანონოდ ზის, იმ საზოგადოებასაც, რომელსაც კიდევ აქვს იმედი საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი, ევროპული მომავლის, ამიტომ მგონია, რომ ეს არის სწორი ფორმა დღეს ბრძოლის." - განაცხადა მან.

გედევან ფოფხაძის ცნობით, სიკვდილი ან გამარჯვება არის მათი პოზიცია და მზად არიან ამისთვის თავი გაწირონ.

"შიმშილობით და ბევრი ისეთი ფორმით, რა ფორმითაც უნდა გაპროტესტდეს ეს რეჟიმი, ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ საზოგადოებას, რომ გვჯერა ჩვენი პოზიციის, მზად ვართ თავი გავწიროთ ამ პოზიციისათვის და გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია, ან სიკვდილი ან გამარჯვება. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება რეჟიმის მიმართ, ამიტომ მე დღეიდან ვარ ელენესთან ერთად. არავის არ მოვუწოდებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროტესტი გახდება ძალიან ბევრისთვის მიზიდულობის ცენტრი იმიტომ, რომ სხვანაირად ამ რეჟიმთან ურთიერთობა არ შეიძლება." - თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი ჟამერაშვილის ინფორმაციით, შიმშილობა კიდევ სამმა აქტივისტმა დაიწყო. ესენი არიან: ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვი და ბაჩო კუცია.

27 ივნისს შიმშლობა დაიწყო "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

"ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლისა და თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც, მაინც ვერ მოგვერევით." - თქვა ხოშტარიამ.
 

კომენტარები