25 ივნისს, ირანმა სამი მამაკაცი ისრაელის სადაზვერვო სააგენტო მოსადთან თანამშრომლობაში და ერთ-ერთ სპეცოპერაციაში გამოყენებული ტექნიკის კონტრაბანდაში დამნაშავედ ცნო და სიკვდილით დასაჯა. ამის შესახებ ქვეყნის სასამართლოს საინფორმაციო სააგენტო იუწყება.
სააგენტოს ცნობით, მათ მიერ კონტრაბანდულად შეტანილი ტექნიკა ერთი უცნობი პიროვნების მკვლელობაში იყო გამოყენებული.
13 ივნისს, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.
16 ივნისს, ირანულმა სამთავრობო მედიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის მეთაური, მოჰამად ყაზემი და მისი მოადგილე 15 ივნისს ისრაელის იერიშს ემსხვერპლნენ.
პარალელურად, 15 ივნისს, ისრაელში ირანის საპასუხო იერიშის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ინფორმაციით გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, მათ შორის 10 წლის ბიჭი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 140-ზე მეტი ადამიანი.
ირანის თავდასხმამ თელ-ავივში საცხოვრებელი სახლები გაანადგურა.





