თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პოეტ ზვიად რატიანს აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ზვიად რატიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 აგვისტოს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
პროკურატურამ ზვიად რატიანისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. ბრალდების მხარის განცხადებით, არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
"როგორც მახსოვს, იყო მიმალვის საფრთხე, იყო მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და მესამე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
პუნქტობრივად მივყვები: რაც შეეხება მიმალვას, ერთი წამით მაინც არ ვუშვებ, რომ აქედან გავალ სასამართლომდე, მაგრამ მეორე, არსად არ მივიმალები, რადგან ყოველ საღამოს უნდა ვიყო რუსთაველზე და რადგან მომიახლოვდა პატიმრობა, უნდა მივხედო ჩემს სამუშაოებს, რომელიც დაწყებული მაქვს.
რაც შეეხება მოწმეებზე ზემოქმედებას, ასეთ პირობებში, სადამდეც დაიყვანეთ ეს ქვეყანა ყველამ, ზემოქმედების და ალბათ ანგარიშსწორების საფრთხე პირიქით, ჩემს მიმართაა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ციხეშიც იყოს იგივე საფრთხე. ყველა მოწმე, რამდენადაც ვიცი, პოლიციელია.
მესამე, იმ საქმეში, რასაც მე ვემსახურები, ლიტერატურაში, ერთი და იგივე მეტაფორის და სიმბოლოს გამეორება არაა მოსაწონი საქციელი. ჩემი მოქალაქეობრივი და ლიტერატურული პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან არ გაიყოფა. ერთია, სხვანაირად არ კეთდება ეს საქმე, ზოგადად ხელოვნება, უამრავი პასუხისმგებლობათა ჯამია. სხვანაირად არც ხარისხია და არც არაფერი, ასე, რომ არა, იგივეს გამეორებას მე არ ვაპირებ" - მიმართა მოსამართლეს ზვიად რატიანმა.
რატიანს ბრალი ოფიციალურად დღეს, 25 ივნისს წარუდგინეს. გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზვიად რატიანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 24 ივნისს დააკავეს.





