"პარტია ALDE - ევროპისთვის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის" პრეზიდენტმა, სვენია ჰანმა საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის მიერ ოპოზიციის ლიდერების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ "საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებების ეროზია" მიმდინარეობს.
მისი თქმით, რეჟიმის მხრიდან ოპოზიციის ლიდერების დაკავება "პოლიტიკური დევნაა".
"აღშფოთებული ვარ! საქართველოში რეჟიმმა ოპოზიციის კიდევ სამი ლიბერალი ლიდერი დააპატიმრა. ეს პოლიტიკური დევნაა. საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებების ეროზია ჩვენს თვალწინ ხდება. ქართული ოცნების რეჟიმს ალბათ ეშინია უწყვეტი გამოსვლების, მზარდი საზოგადოებრივი წნეხისა და ხმამაღალი წინააღმდეგობის.
"ALDE პარტია - ევროპისთვის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი" აგრძელებს ჩვენი მეგობრებისა და ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რომლებიც დემოკრატიას იცავენ. ქართული ოცნების რეჟიმმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ვალდებულებებს, დაუყოვნებლივ უნდა გამოუშვას ლიბერალური პარტიების ლიდერები, შეაჩეროს ბრალდებები ოპოზიციის წინააღმდეგ და დააბრუნოს საქართველო ევროპულ გზაზე, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და რასაც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს." - წერს ALDE-ს პრეზიდენტი, სვენია ჰანი გავრცელებულ განცხადებაში.





