დანიის მთავრობა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში ინვესტირებას გეგმავს. ამის შესახებ მხარეები ინიციატივა Build with Ukraine-ის ფარგლებში შეთანხმდნენ. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა და მისმა დანიელმა კოლეგამ, ტროელს ლუნდ პულსენმა.
შეთანხმების თანახმად, დანია საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინული დრონების მწარმოებელ ქარხანას ააშენებს. პროექტისთვის დანიის მთავრობამ 47 მილიონი დოლარი გამოყო. ამასთან, წარმოების დაფინანსებაში მონაწილეობას უკრაინის პარტნიორი ქვეყნებიც მიიღებენ.
"ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც აძლიერებს ჩვენს საერთო ბრძოლისუნარიანობას, ამყარებს მიწოდების ჯაჭვებს, ტექნოლოგიების გაცვლისა და თავდაცვითი სექტორების ახალ საშუალებებს იძლევა". – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
ინიციატივა Build with Ukraine უკრაინის პარტნიორ ქვეყნებში იარაღის წარმოებას ითვალისწინებს. ახალი საწარმოები უცხოური ინვესტიციების დახმარებით აშენდება და მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს.
ცოტა ხნით ადრე, იგივე გზას დაადგა გაერთიანებული სამეფოც, რომელმაც 3 წლით, საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინული იარაღის წარმოების ვალდებულება აიღო.





