წულუკიანის კომისია

ხოშტარია ჯაფარიძეზე: ვამაყობთ ჩვენი ლიდერებით - მოვუწოდებ ოპოზიციას, დღეს ერთიანობის დროა

"ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ლიდერებით!" - ასე გამოეხმაურა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია რეჟიმის მიერ კოალიციის კიდევ ერთი ლიდერისთვის ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 7 თვით პატიმრობის მისჯას. 

ხოშტარიამ კოალიციის სახელით გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და მათ ერთიანობისკენ მოუწოდა ისეთ საკითხებში როგორიცაა რეჟიმთან არ თანამშრომლობა და მისი არ აღიარება, მათ შორის, ადგილობრივ არჩევნებში არ მონაწილეობის სახით.

"ცოტა ხნის წინ მონა-მოსამართლე ჯვებემ მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა რომ ამ ქვეყანაში ბრძოლა, ამ ეტაპზე, ისჯება შვიდი თვით. პირველ რიგში, მინდა გაგიზიაროთ ჩვენი ემოციური დამოკიდებულება - ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ლიდერებით!  ვამაყობთ იმ ხალხით, რომლებიც სისტემას ებრძვიან ამ გზით - არ თანამშრომლობით, არ აღიარებით და კი, მათ უწევთ ამის გამო თავისუფლების შეზღუდვა, მაგრამ ჩვენ აქ ვაგრძელებთ ამ ბრძოლას და ვიბრძოლებთ ამ სისტემასთან ზუსტად ისეთივე პრინციპებით, რის გამოც, ზურა ჯაფარიძე ჩაჯდა დღეს ციხეში 7 თვით. 

დღეს ჩვენ კიდევ ველოდებით სხვადასხვა განაჩენს და არ ვიცით სისტემა რა ტაქტიკას აირჩევს, რას ჩახლართავს, ამიტომ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე მინდა მოვუწოდო ოპოზიციაში ყველას, არ აქვს მნიშვნელობა რაში განსხვავდებოდა ჩვენი აზრები, რაღაც ტაქტიკურ საკითხებზე, დღეს არის ერთიანობის, არ თანამშრომლობის, არ აღიარების, ერთად ბრძოლის დრო.

ერთადერთი რისიც რეჟიმს ეშინია არის პრინციპულობა და ერთად დგომა. ამიტომ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბატონ მამუკას, ბატონ ბადრის, ვაშაძეს ვუსურვებ რომ არ მოუწიოთ ციხეზე არ გადიოდეს მათი ბრძოლის გზა, მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველა დავდგეთ ერთად, დავასრულოთ კამათი ადგილობრივი არჩევნების აბსურდულობაზე, ამ რეჟიმთან ეს უბრალოდ არ არსებობს და გავაგრძელოთ ერთად ბრძოლა, მათ შორის, მორალურად გამართულებმა, რომ ჩვენი მეგობრების, პარტნიორების, 50 ახალგაზრდას ციხეში ყოფნის ფონზე, ჩვენ არც კი დავუშვებთ ამ აბსურდულ არჩევნებში შესვლას" - განაცხადა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე.

დღეს, 23 ივნისს, რეჟიმმა პარტია გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოიტანა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ასევე უნდა გაიმართოს კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი დაკავებული ლიდერის, ნიკა მელის სასამართლო პროცესიც. 

კომენტარები