აშშ-ს სააპელაციო სასამართლომ 19 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კალიფორნიის შტატში ეროვნული გვარდიის კონტროლი შეუნარჩუნდეს.
სან-ფრანცისკოში მდებარე მე-9 სააპელაციო ოლქის ფედერალური სასამართლოს სამი მოსამართლის გადაწყვეტილებით დროებით შეჩერდა საოლქო მოსამართლე ჩარლზ ბრეიერის მიერ 12 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტრამპმა არაკანონიერად მოითხოვა ეროვნული გვარდიის ფედერალურ დაქვემდებარებაში მოქცევა.
სასამართლომ განმარტა რომ, სავარაუდოდ, ტრამპმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედა და კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომს არ ჰქონდა უფლება ტრამპის განკარგულებაზე ვეტო დაედო.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვასკვნით, რომ პრეზიდენტს, დიდი ალბათობით, აქვს ეროვნული გვარდიის ფედერალიზაციის უფლება, ჩვენი გადაწყვეტილება არ ეხება იმ საქმიანობის ხასიათს, რაშიც ფედერალიზებული ეროვნული გვარდია შეიძლება მონაწილეობდეს". - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
"ეს ჩვენი ქვეყნისთვის შესანიშნავი გადაწყვეტილებაა და ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ კანონის დამცველი ამერიკელების დაცვას. ეს გევინზე ბევრად დიდია, რადგან თუ ჩვენს ქალაქებს და მოქალაქეებს დაცვა დასჭირდებათ და ადგილობრივი პოლიცია ვერ შეძლებს მათ დაცვას, მაშინ ჩვენ ვიქნებით ის ძალა, ვინც ამას უზრუნველყოფს". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ნიუსომს კვლავ შეუძლია სამართლებრივი ბრძოლა გააგრძელოს ეროვნული გვარდიისა და საზღვაო ქვეითების გამოყენების წინააღმდეგ.
გადაწყვეტილების შემდეგ ნიუსომმა პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში პირობა დადო, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.
"პრეზიდენტი მეფე არ არის და ის კანონზე მაღლა არ დგას". - წერს ნიუსომი.
მანამდე, 9 ივნისს, კალიფორნიის შტატის სახელით ადვოკატებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.
სარჩელის ავტორები აცხადებენ, რომ ტრამპმა შტატში ეროვნული გვარდიის გაგზავნით უფლებამოსილება მიითვისა და შტატის გუბერნატორ, გევინ ნიუსომს უკანონოდ "აუარა გვერდი".
ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის წევრები ფედერალური საკუთრებისა და პერსონალის დასაცავად იმ კანონის საფუძველზე გაიგზავნნენ, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტს გვარდიის გამოყენების უფლებას ამბოხების დროს აძლევს.
სარჩელში ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონი არ ვრცელდება იმ პროტესტზე, რომელიც ლოს-ანჯელესში მიმდინარეობდა.
8 ივნისს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს ეროვნული გვარდიის 2 000 წევრი ლოს-ანჯელესში გაგზავნა, მას შემდეგ რაც ქალაქში აშშ-ს საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) საქმიანობის წინააღმდეგ პროტესტი არეულობაში გადაიზარდა.
საიმიგრაციო პოლიტიკის გასაპროტესტებლად დემონსტრანტები მექსიკის დროშებით ქალაქის სხვადასხვა ნაწილში შეიკრიბნენ. პოლიციამ შეკრებების ნაწილი კანონგარეშედ გამოაცხადა.
პოლიცია დაკავებულებს სხვადასხვა საგნის სამართალდამცავების მიმართულებით სროლას ედავება. დემონსტრანტების ერთ ჯგუფს ლოს-ანჯელესის მთავარი, 101-ე, მაგისტრალიც ჰქონდა გადაკეტილი.





