რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ივნისს აშშ კვლავ გააფრთხილა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები არ წამოიწყოს იმ ფონზე, როცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებში ამერიკის ჩართვას განიხილავს.
ბოლო პერიოდში ტრამპმა შესამჩნევად მწვავე რიტორიკა მიმართა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ აშშ-მ და ისრაელმა იციან, თუ სად იმალება ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. ამასთანავე, ტრამპმა ირანს "უპირობო დანებებისკენაც" მოუწოდა.
"გვსურს, განსაკუთრებით გავაფრთხილოთ ვაშინგტონი, რომ თავი შეიკავოს ამ სიტუაციაში სამხედრო ჩარევისგან," - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, აშშ-ს მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება "უკიდურესად სახიფათო ნაბიჯი იქნება, რომელსაც ნამდვილად გაუთვალისწინებელი ნეგატიური შედეგები მოჰყვება".
მანამდე, რუსეთს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინფინგთან, რის ფარგლებშიც ორივე ლიდერმა ისრაელის ქმედებები დაგმო და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
"ისინი მტკიცედ გმობენ ისრაელის ქმედებებს," განაცხადა კრემლმა.
ამასთანავე, 18 ივნისს რუსულ მედიასთან საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა აშშ გააფრთხილა, რომ თავი შეიკავოს ისრაელისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევისგან და ასევე ამ თემაზე "სპეკულაციური" განცხადებების გაკეთებისგანაც.
ცნობისთვის, 2025 წლის 17 იანვარს ირანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც საერთო საფრთხეებთან გამკლავებაზე პუნქტებს მოიცავს, თუმცა შეთანხმება არ გულისხმობს ქვეყნებს შორის სამხედრო ალიანსის შექმნას.





