გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა მინისტრთა კაბინეტი ირანზე აშშ-ს შესაძლო შეტევის შესახებ გააფრთხილა და სრულ მზადყოფნაში მოიყვანა სულ რაღაც 24 საათის შემდეგ, რაც თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საერთოდ არ მიუნიშნებია, რომ "ამ კონფლიქტში ჩართვას გეგმავდა". ინფორმაციას The Financial Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბრიტანელმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ სიტუაცია "მძიმე და არასტაბილურია", ხოლო პრემიერმინისტრის გუნდმა იმსჯელა იმის შესახებ, იქნება თუ არა ტრამპის გეგმებში აშშ-ბრიტანეთის საერთო საჰაერო ბაზის, "Diego Garcia"-ს გამოყენება ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშებისთვის.
როგორც Financial Times წერს, გაერთიანებული სამეფო ამ დრომდე დისტანციას ინარჩუნებს ირან-ისრაელის კონფლიქტისგან და ცდილობს, არაფერი გააკეთოს ისეთი, რაც თეირანში მისი საელჩოს დახურვას გამოიწვევს.
საკითხზე ინფორმირებული ოფიციალური პირების თქმით, სტარმერმა ირანის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციაში აშშ-ს არმიის შესაძლო ჩარევა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო კომიტეტზე 18 ივნისს განიხილა. გამოცემის ცნობით, კომიტეტს ესწრებოდნენ ბრიტანეთის მთავრობის კაბინეტის უფროსი მინისტრები, სამხედრო მეთაურები, დაზვერვის უფროსები და ლონდონში აშშ-ს ელჩი, ლორდ პიტერ მანდელსონი.
ამავე ცნობებით, კომიტეტზე სტარმერი კვლავ "დეესკალაციის" მოწოდებით გამოვიდა, რაც ოფიციალური მიზეზია იმისა, რომ ბრიტანეთს კვლავაც არ შეუთავაზებია დახმარება ისრაელისთვის ირანის იერიშებისგან თავდაცვისთვის.
ცნობისთვის, სტარმერმა კანადაში 17 ივნისს გამართულ G7-ის სამიტზე განაცხადა, რომ "პრეზიდენტ [ტრამპს] არაფერი უთქვამს ისეთი, რაც მიანიშნებდა, რომ ის ამ კონფლიქტში ჩართვას აპირებს".
ირანის წინააღმდეგ იერიშებისთვის ინდოეთის ოკეანეში მდებარე "Diego Garcia"-ს საჰაერო ბაზის შესაძლო გამოყენება გაერთიანებულ სამეფოს კონფლიქტში მონაწილეობასთან დაახლოებდა.
ერთ-ერთი ბრიტანელი ოფიციალური პირის თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს ცხადი "კი ან არა" პასუხი იმაზე, შეეცდება თუ არა ვაშინგტონი ლონდონის თანხმობის მოპოვებას ირანზე შეტევის დასაწყებად საერთო ბაზის გამოყენებაზე.
ლონდონში ისრაელის ელჩმა 17 ივნისს თქვა, რომ გაერთიანებული სამეფოს მხრიდან თავდაცვაში დახმარებაზე მსჯელობა არ ყოფილა და ამ თხოვნით არც ისრაელს მიუმართავს ლონდონისთვის.
ბრიტანეთის ამჟამინდელი თავშეკავებულობის საპირისპიროდ, გასულ წლის აპრილში გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები ისრაელს ირანიდან გაშვებული დრონების ჩამოგდებაში დაეხმარნენ. ბრიტანული საბრძოლო თვითმფრინავები ისრაელს დაეხმარნენ გასული წლის ოქტომბერში თეირანის სარაკეტო იერიშის მოგერიებაშიც.
გაერთიანებული სამეფო გასულ წელს აშშ-საც დაეხმარა, ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ წამოწყებულ სამხედრო ოპერაციებში.





