ერაყში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროირანული დაჯგუფების, ჰეზბოლა ბრიგადების გენერალური მდივანი, აბუ ჰუსეინ ალ-ჰამიდავი აცხადებს, რომ ირანს ისრაელის შესაკავებლად სამხედრო მხარდაჭერა არავისგან სჭირდება. მისი თქმით, "ირანს ამისათვის საკმარისი ადამიანური რესურსი და შესაძლებლობები აქვს"
ერაყულ მედიასთან ინტერვიუში, ის აღნიშნავს, რომ დაჯგუფება აკვირდება ვითარებას და კონფლიქტში აშშ-ს ჩარევის შემთხვევაში, უშუალოდ აშშ-ს ინტერესის ობიექტებსა და სამხედრო ბაზებზე მიიტანს იერიშს.
13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.
მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, რამდენიმე ირანული რაკეტა თელ-ავივის ცენტრში ჩამოვარდა.
შემდგომ, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები ხელახლა გაუშვა, ხოლო მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ირანის დედაქალაქში, თეირანში ისრაელის იერიშების მოსაგერიებლად საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო გააქტიურებული და აფეთქებების ხმა ისმოდა.





