დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

კაცი: თუ ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას განაგრძობს, თეირანი დაიწვება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, თუ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას განაგრძობს, "თეირანი დაიწვება".

ამის შესახებ მან ისრაელის შეიარაღებული ძალების მეთაურ ეიალ ზამირთან, მოსადის დირექტორ დავით ბარნეასთან და სხვა მაღალი რანგის სამხედრო პირებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"ირანელი დიქტატორი საკუთარ მოქალაქეებს მძევლებად აქცევს და ქმნის რეალობას, სადაც ისინი, განსაკუთრებით თეირანის მაცხოვრებლები, მძიმე ფასს გადაიხდიან ისრაელის მოქალაქეებზე ამ დანაშაულებრივი თავდასხმისთვის". - განაცხადა კაცმა.

ისრაელის საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, 13 ივნისს ირანის მიერ ისრაელზე მიტანილი იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.

საგანგებო დახმარების სააგენტოს ცნობით, თელ-ავივის სამხრეთით მდებარე რიშონ ლეციონში, საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს მომხდარ სარაკეტო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 19 დაშავდა.

მესამე ადამიანი თელ-ავივის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ რამათ განში იარაღის ფრაგმენტის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. პოლიციის განცხადებით, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები