ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ღაზაში ჩაღწევის მცდელობის დროს დაკავებული გრეტა ტუნბერგი ისრაელმა შვედეთში დაადეპორტა

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს, რომ წინა დღით დაკავებული შვედი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი, უკვე თვითმფრინავში იმყოფება და საფრანგეთის გავლით შვედეთში დაბრუნდება.

ცნობისთვის, 9 ივნისს, ღამის საათებში, ისრაელმა დააკავა ნავი, რომელიც ისრაელის მიერ შემოღებული საზღვაო ბლოკადის გარღვევასა და ღაზის სექტორში ჩაღწევას ცდილობდა. ნავზე მყოფ 12 პირს შორის შვედი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი და ფრანგი ევროპარლამენტარი, რიმა ჰასანიც იყვნენ.

ნავი Madleen-ის საზღვაო მისია პროპალესტინური და ანტიისრაელური "თავისუფლების ფლოტილიის კოალიციის" მიერ იყო ორგანიზებული.

Madleen-ის დაკავების შემდეგ, ისრაელმა განაცხადა, რომ ნავზე მყოფი ყველა მგზავრის დეპორტაცია მოხდებოდა.

აქტივისტები ცდილობდნენ, რომ ღაზაში სიმბოლური რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება ჩაეტანათ.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ "ნავზე არსებული მცირე რაოდენობის დახმარება, რომელიც "ვარსკვლავებმა" არ მოიხმარეს, ღაზას რეალური ჰუმანიტარული არხების გავლით გადაეცემა".

მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა არმიას უბრძანა, რომ ისრაელის ბლოკადის დარღვევის საშუალება არ მისცენ შვედი აქტივისტის, გრეტა ტუნბერგის ნავს, რომლის მისიაც ღაზის სექტორამდე ჩაღწევაა. 

"მე IDF-ს მივუთითე, ისე იმოქმედონ, რომ Madleen-მა ღაზამდე ვერ მიაღწიოს. ანტისემიტ გრეტასა და მის მეგობრებს გარკვევით ვეუბნები: უკან უნდა გაბრუნდეთ, რადგან ღაზამდე ვერ მიაღწევთ," - განაცხადა კაცმა. 

"ისრაელის სახელმწიფო არავის მისცემს საშუალებას, დაარღვიოს ღაზაზე არსებული საზღვაო ბლოკადა, რომლის უპირველესი მიზანიც შეიარაღების მიწოდების აღკვეთაა ჰამასისთვის - მკვლელი ტერორისტული ორგანიზაციისთვის, რომელსაც ჩვენი მძევლები ჰყავს და რომელიც ომის დანაშაულებს ჩადის," - დაამატა მან. 

კომენტარები