ირანმა ჩინეთიდან ათასობით ტონა ბალისტიკური რაკეტების დასამზადებელი მასალა შეუკვეთა, — ამის შესახებ ინფორმირებულმა პირებმა The Wall Street Journal-ს აცნობეს.
წყაროების მიხედვით, ამონიუმის პერქლორატის, რომელიც ირანული ბალისტიკური რაკეტების საწვავად გამოიყენება, რამდენიმე პარტიის ირანში ჩასვლა უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი და ეს რაოდენობა ასეულობით ბალისტიკური რაკეტის საწვავისთვის იქნება საკმარისი.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ამ მასალის ნაწილი, სავარაუდოდ, რეგიონში ირანთან დაკავშირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს გადაეგზავნება, მათ შორის - ტერორისტ ჰუსიტებს იემენში.
წყაროები გამოცემას უყვებიან, რომ ირანულმა კომპანიამ, სახელად Pishgaman Tejarat Rafi Novin Co., ბოლო თვეებში რაკეტების დასამზადებლად საჭირო მასალები ჰონგ-კონგში რეგისტრირებულ Lion Commodities Holdings Ltd.-სგან შეუკვეთა.
გამოცემა წერს, რომ Lion Commodities-ის დირექტორმა, ნელსონ ბარბამ კომენტარისგან თავი შეიკავა, ხოლო Pishgaman-თან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ირანის მუდმივმა მისიამ გაეროში კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ მათ ამ კონტრაქტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
"ჩინეთი ყოველთვის მკაცრად აკონტროლებს ორმაგი დანიშნულების ნივთიერებების ექსპორტს - ქვეყნის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში" - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ჩინეთში მყოფ ირანულ ორ გემზე 1,000 ტონაზე მეტი ნატრიუმის პერქლორატი დაიტვირთა - ეს ამონიუმის პერქლორატის წარმოების წინამორბედი ნივთიერებაა. ოფიციალური პირების თქმით, ეს რაოდენობა დაახლოებით 260 რაკეტის საწვავისთვის იყო საკმარისი.
გამოცემის ცნობით, ახალი, უფრო დიდი მოცულობის კონტრაქტით ირანს შეეძლება დაახლოებით 800 ბალისტიკური რაკეტის საწარმოებლად საკმარისი მასალა მიიღოს.





