სოხუმის აეროპორტი

რუსული ავიაკომპანია РусЛайн ხანტი-მანსიისკიდან ოკუპირებულ სოხუმში პირდაპირ ფრენებს იწყებს

რუსული ავიაკომპანია РусЛайн ხანტი-მანსიისკიდან ოკუპირებულ სოხუმში პირდაპირ ფრენებს იწყებს. პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა 28 ივნისს გაიხსნება.

ინფორმაცია სოხუმის აეროპორტის Telegram არხზე ვრცელდება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეისებს ორივე მიმართულებით ავიაკომპანია РусЛайн 50-ადგილიანი Bombardier CRJ200 ტიპის თვითმფრინავით განახორციელებს.

როგორც ТАСС-ს ხანტი-მანსიისკის აეროპორტში განუცხადეს, პირდაპირი რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება.

ТАСС აღნიშნავს, რომ მანამდე ხანტი-მანსიისკის ავტონომიური რეგიონის გუბერნატორმა, რუსლან კუხარუკმა დაავალა, შეესწავლათ ხანტი-მანსიისკის ავტონომიური ოლქიდან აფხაზეთში პირდაპირი რეისების განხორციელების შესაძლებლობა. ამ მიმართულების განვითარებისთვის რეგიონულ ბიუჯეტში შესაბამისი სუბსიდიაა გათვალისწინებული.

ცნობისთვის, 1 მაისს, 32 წლის შემდეგ მოსკოვიდან სოხუმში პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა - UVT Aero-ს ავიახაზების კომერციული თვითმფრინავი ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა და სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტში დაფრინდა. 

კომენტარები