აშშ-ში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, Povaddo-მ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართ განწყობების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომელმაც მოწევასთან და თამბაქოს ზიანის შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები მოიცვა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 58% არ მიიჩნევს, რომ ქვეყანამ მოწევის წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესს მიაღწია, ხოლო გამოკითხულთა 65% ამბობს, რომ თამბაქოს უკვამლო პროდუქტების მიმართ დაწესებული ამკრძალავი და შემზღუდავი ღონისძიებები არაეფექტურია.
გარდა ამისა, რესპონდენტების 70% ფიქრობს, რომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ზრდასრული მწეველები, რომლებიც მოწევას თავს ვერ ანებებენ, ნაკლები რისკის შემცველ ალტერნატიულ პროდუქტებზე გადაერთონ.
ამასთან, გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ “თუ მეცნიერულად მტკიცდება, რომ სიგარეტის ალტერნატიული პროდუქტები ნაკლებ რისკს შეიცავს, ვიდრე სიგარეტი, ეს პროდუქტები განსხვავებული რეგულაციისა და დაბეგვრის სისტემის ქვეშ უნდა მოექცეს, რათა ზრდასრულ მწეველებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ტრადიციული სიგარეტი ალტერნატიული უკვამლო პროდუქტებით ჩაანაცვლონ.”
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რესპონდენტები უკვამლო ალტერნატივების შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უჭერენ მხარს. გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ “ზრდასრულ მწეველებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ზუსტ, მეცნიერულად დასაბუთებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ უკვამლო ალტერნატივები ნაკლები რისკის შემცველია, ვიდრე მოწევა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არის რისკისგან სრულიად თავისუფალი.”
რაც შეეხება თამბაქოსთვის თავის დანებების ცხელ ხაზს, მის შესახებ გამოკითხულთა 54%-მა იცის. იმ რესპონდენტებს შორის, რომლებმაც ცხელი ხაზის შესახებ იციან, 41% მას არაეფექტურად მიიჩნევს, 35% კი ამბობს, რომ ეფექტიანია. დანარჩენი, ანუ 24%, ამბობს, რომ მისი ეფექტიანობის შესახებ არ იცის.
გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების 81% დადებითად არის განწყობილი ზიანის შემცირების ცნებისადმი და ემხრობა შემდეგ განცხადებას: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობა შესაძლებელია გაუმჯობესდეს პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელებით, რომელიც ხელს უწყობს ისეთი მავნე ჩვევების ზემოქმედების შემცირებას, რომელ ჩვევებზეც ადამიანები სრულად ვერ ამბობენ უარს.“
საზოგადოებრივი აზრის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რესპონდენტების ნახევარზე მეტი, 53% ფიქრობს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობა უარესდება. კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავდება. ახალგაზრდა, 18-39 წლამდე რესპონდენტების 60% საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განვითარებას უარყოფითად აფასებს, 60+ წლის ასაკობრივ ჯგუფში კი ასე 42% ფიქრობს.
Povaddo-მ კვლევა Philip Morris International-ის (PMI) დაკვეთით ჩაატარა და მასში 1 000 სრულწლოვანი ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო საველე სამუშაოები 2024 წლის 13-27 სექტემბერს საქართველოში დაფუძნებულმა ACT კვლევამ (ACTR) შეასრულა, რომელმაც საქართველოს მიერ კონტროლირებულ ყველა რეგიონში პირისპირი ინტერვიუები ჩაატარა.
თითოეული რეგიონისთვის შერჩევის ზომა ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის პროპორციულად განისაზღვრა და მონაცემები საქსტატის 2014 წლის მოსახლეობის აღწერის დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით შეიწონა.
კვლევის ცდომილება 95%-იანი სანდოობის ინტერვალში 3.1%-ს შეადგენს.





