ტერორისტული თავდასხმა აშშ-ში

კოლორადოს შტატში ისრაელელი მძევლების მხარდასაჭერ მარშზე ტერაქტი მოხდა, 8 ადამიანი დაშავდა

David Zalubowski / AP

აშშ-ში, კოლორადოს შტატში ღაზაში ისრაელელი მძევლების მხარდასაჭერ მარშზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგადაც 8 ადამიანმა, მათ შორის 88 წლის პირმა, დამწვრობა მიიღო. თავდამსხმელმა "ხელნაკეთი ცეცხლსაფრქვევი" გამოიყენა და აქციის მონაწილეებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

პოლიციის ცნობით, დაშავებულებს შორის 52 წლიდან 88 წლამდე პირები არიან, 4 ქალია, 4 კი - კაცი. ისინი ამჟამად საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, ხოლო ერთ-ერთს სერიოზული დაზიანებები აქვს.

CBS Colorado-სთან საუბრისას ბოულდერში კოლორადოს უნივერსიტეტში ჩაბადის დირექტორმა, რაბინმა ისრაელ ვილჰელმა თქვა, რომ 88 წლის დაშავებული ევროპიდან აშშ-ში ჰოლოკოსტისგან გასაქცევად ჩავიდა. 

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ცნობით, ეჭვმიტანილი 45 წლის მოჰამედ საბრი სოლიმანია, რომელიც პოლიციამ დააკავა.

FBI-ის სპეციალური აგენტმა მაიკ მიქალეკმა თქვა, რომ სოლიმანმა თავდასხმის დროს სავარაუდოდ "თავისუფლება პალესტინას" იყვირა. მისივე თქმით, "ნათელია, რომ ეს დამიზნებული ძალადობრივი ქმედებაა" და შემთხვევა ამჟამად ტერაქტად განიხილება. 

ორმა წყარომ გამომძიებლებთან საუბრისას თქვეს, რომ ეჭვმიტანილმა თავდასხმის დროს სავარაუდოდ ასევე "დაასრულე ზიონისტი!" იყვირა. 

CBS Colorado-სთან საუბრისას სამთავრობო პირებმა და რამდენიმე წყარომ თქვეს, რომ სოლიმანი ეგვიპტის მოქალაქეა, რომელიც 2022 წელს აშშ-ში დროებითი ვიზით ჩავიდა. გამოცემა ასევე წერს, რომ სოლიმანის ვიზას ვადა 2023 წლის თებერვალში გაუვიდა. 

CBS-ის თანახმად, მარშის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, რომ დემონსტრაციას 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ყოველკვირეულად ატარებენ, რათა ღაზაში ისრაელელი მძევლების შესახებ ცნობიერება გაზარდონ. მისივე თქმით, მარშის მონაწილეები მღერიან, ამბებს ყვებიან და მძევალთა სახელებს ხმამაღლა კითხულობენ. მანვე დაამატა, რომ ახლანდელ მარშში დაახლოებით 30 ადამიანი მონაწილეობდა. 

მანამდე, 2 ივნისს, FBI-ის დირექტორმა კაშ პატელმა დაწერა, რომ მისი უწყება კოლორადოს შტატში, ბოულდერში "მიზანმიმართულ ტერორისტულ თავდასხმას" იძიებდა.

კომენტარები