ახალის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკა მელია დააკავეს. მირანდა ბაღათურიას თქმით, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ლისის ტბის ასახვევთან დაიჭირეს - ის გადაცემაში "ორ ცეცხლ შუა" მიდიოდა.
"საპატრულო პოლიციამ გააჩერა, ის იმყოფებოდა მხოლოდ დაცვასთან ერთად, რა დროსაც, მათ შორის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, ასე მეუბნებიან, რომ ასამდე იყვნენ, წაართვეს ტელეფონები, მათ შორის დაცვის თანამშრომლებს, ამოიღეს ჩიპები და გადააგდეს, მელია ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს, დიდი ალბათობით, გადაიყვანენ ორთაჭალაში" - ამბობს ბაღათურია.
აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა დღეს, 00:00 საათამდე ჰქონდა. სასამართლო პროცესი ხვალ, 30 მაისს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.
"ხელისგულზე დევს ყველაფერი, პროკურატურამ დღეს ტექნიკურად მოიმიზეზა ტრენინგები, გადადეს პროცესი. გამართლდა ჩემი მოლოდინები, ვინაიდან დღეს ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა გადიოდა ღამის 12 საათზე, პროკურატურას არ ექნებოდა შესაძლებლობა, დღევანდელ პროცესზე მოეთხოვა დაპატიმრება, ეს იყო შეთანხმებული, როგორც ჩანს სასამართლოსთან. [...] არ გაითვალისწინეს დაცვის მხარის თხოვნა, რომ ხვალ არ ჩანიშნულიყო პროცესი და 14:00 საათზე ჩანიშნა, ხვალ დიდი ალბათობით პროკურატურა დააყენებს პატიმრობის შესახებ შუამდგომლობას და რომ არ დაეკარგათ დრო, სასამართლოსთან ეს იყო წინასწარ შეთანხმებული". - თქვა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.
მელიას თეა წულუკიანის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო 50 000-ლარიანი გირაო აქვვს შეფარდებული.
ცნობისთვის, 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას გირაო პატიმრობით შეუცვალეს - ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს.





