ავარია

10-დღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში 23 წლის გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს

10-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მტკვარში 23 წლის გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ. 

14 მაისის ღამეს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის შედეგად მტკვარში მანქანა გადავარდა, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა ავტომობილში მსხდომთაგან ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 

15 მაისს სამძებრო ჯგუფებმა მტკვარში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც გადავარდნილ მანქანაში შემთხვევის დროს მყოფ პირებს ეკუთვნოდათ. 

დღემდე ვერ ხერხდებოდა 23 წლის გიორგი შამუგიას ცხედრის პოვნა. 

14 მაისს შსს-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2002 წელს დაბადებული ი.ს. დააკავა. 

შსს-ს ცნობით, ი.ს.-მ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტომობილი მტკვარში გადავარდა. 

ი.ს.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით  წარედგინა, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახით 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები