სირია

The Insider: სირიაში რუსეთის ხმეიმიმის ავიაბაზას უცნობი დაჯგუფება დაესხა თავს

გავრცელებული ინფორმაციით, 20 მაისს სირიაში რუსეთის ხმეიმიმის  ავიაბაზას უცნობი დაჯგუფება დაესხა თავს.

The Insider რუსულ მედიასა და ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით წერს, რომ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ბაზაზე შეღწევა სცადა.

გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა სირიული სადამკვირვებლო ორგანიზაცია (SOHR) იტყობინება, რომ "ხმეიმიმის რუსულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა, სავარაუდოდ, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების დამხმარე ჯგუფმა განახორციელა".

The Insider წერს, რომ ეს ჯგუფი ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) ფრაქციას წარმოადგენს და სირიის ახალ მთავრობასთან არის დაკავშირებული.

SOHR დრონის ჩამოგდების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ ბაზის მიმდებარედ ძლიერი სროლისა და სირენების ხმა ისმოდა.

რუსულენოვანი ტელეგრამის არხი War and Peace in the Middle East წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმაში ხუთი უზბეკი მებრძოლი მონაწილეობდა.

ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებული ტელეგრამ არხის, Prince Cherkassky-ს ცნობით სროლისას ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთამდე დაშავდა.

ცნიბისთვის, რუსული ძალები, რომლებიც ასადის რეჟიმს აქტიურად უჭერდნენ მხარს, სირიის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღმოსავლეთ სანაპიროზე ხმეიმიმის ავიაბაზასა და ტარტუსის პორტში რჩებიან.

კომენტარები