იაპონია

"ბრინჯის ყიდვა არასდროს დამჭირვებია" - იაპონელი მინისტრი ამ განცხადებისთვის ბოდიშს იხდის

19 მაისს, იაპონიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტაკუ ეტომ ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ მას "ბრინჯის ყიდვა არასოდეს დასჭირვებია", რადგან თავისი მხარდამჭერებისგან საჩუქრად იღებდა. ამ სიტყვებმა იაპონელი მოსახლეობის დიდი ნაწილი გააღიზიანა, რომლებიც ბრინჯის რეკორდულად მაღალ ფასებში ყიდულობენ.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა NHK-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც ეტო 18 მაისს პოლიტიკურ ღონისძიებაზე ტრიბუნაზე დგას და აღნიშნავს, რომ მას იმდენი ბრინჯი აქვს, რომ გაყიდვაც კი შეუძლია.

Reuters-ის ცნობით, აღნიშნულ კომენტარებს სოციალურ ქსელებში მძაფრი რეაქცია და გაბრაზებული კომენტარების ტალღა მოჰყვა.

"შენი საქმე წასულია. მალე გადადექი" - დაწერა ერთ-ერთმა მოქალაქემ პლატფორმა X-ზე.

19 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას, ეტომ ბოდიში მოიხადა თავისი კომენტარების გამო და აღნიშნა, რომ, შესაძლოა, სიტყვები არასწორად შეარჩია და გადაჭარბებულად ილაპარაკა, რათა დამსწრე აუდიტორიისთვის თავი მოეწონა. მან თავი აარიდა კითხვას, გეგმავდა თუ არა გადადგომას.

"ცოტა ხნის წინ ცოლი ტელეფონზე მეჩხუბა. ჩვენ ორნი ვართ და ზოგადად, საკმარისი [ბრინჯი] გვაქვს, მაგრამ მითხრა, რომ როცა [მარაგი] გვეწურება, ის ნამდვილად გადის და ყიდულობს ბრინჯს" - უთხრა ეტომ ჟურნალისტებს.

Reuters წერს, რომ ეტოს კომენტარზე ამგვარმა რეაქციამ ხაზი გაუსვა, რამდენად მტკივნეული თემა გახდა ბრინჯის ფასები ამომრჩევლებისთვის, რაც იაპონიაში ივლისში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ზედა პალატის არჩევნების წინ პრემიერმინისტრ შიგერუ იშიბას ლიბერალ-დემოკრატიული პარტიისთვის ცუდი ნიშანია.

19 მაისს, Kyodo News-ის მიერ ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ იშიბას მხარდაჭერა რეკორდულად დაბალ 27.4%-ზე დაეცა, ხოლო ათიდან ცხრა ამომრჩეველი ბრინჯის ფასების ზრდაზე მთავრობის რეაქციით უკმაყოფილოა.

იაპონიის ძირითადი მარცვლეულის საცალო ფასი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა. მიზეზი მზარდი ტემპერატურის გამო იაპონიაში მოსავლის შემცირება და ტურიზმის ბუმის მიერ გამოწვეული მოთხოვნის გაზრდაა.

იაპონიის მთავრობამ ბრინჯის ფასების დასაწევად მიმდინარე წლის მარტიდან მარცვლეულის ბაზრისთვის მიწოდება საგანგებო მარაგიდანაც დაიწყო, თუმცა Reuters-ის ცნობით, ამ მცდელობამ დიდი შედეგი ვერ გამოიღო.

კომენტარები